25 ნოემბერი 2024,   13:59
ვრცლად
"საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დღეს პირველი შეფასება იქნება მინისტრების დონეზე. ნათელია, რომ მთავრობა გადადის ევროპული კურსიდან" - ჟოზეფ ბორელი

ევროკავშირის წევრი საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში არიან შეკრებილები. უკრაინის სამხედრო დახმარებასა და ახლო აღმოსავლეთის კრიზისთან ერთად, განიხილება საქართველოს საკითხიც. შეხვედრის დაწყებამდე განცხადებები გააკეთეს როგორც სხვადასხვა ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა, ასევე საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარმა ჟოზეფ ბორელმა. კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში დღეს რაიმე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს სურთ გაცვალონ პოზიციები, რა ნაბიჯს გადადგამს ევროკავშირი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება ვეტოს დაძლევს.

"საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დღეს მინისტრები იმსჯელებენ. ეს პირველი შეფასება იქნება მინისტრების დონეზე. ნათელია, რომ მთავრობა გადადის ევროპული კურსიდან. შესაბამისად, მინისტრებს მოუწევთ გადაწყვიტონ თუ რა უნდა გააკეთონ," - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ჟოზეფ ბორელი

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოში განვითარებული მოვლენები შემაშფოთებელი და მიუღებელია.
  
"შვედეთის მთავრობის პოზიცია ძალიან მკაფიოა. საქართველოში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. ეს მიუღებელია, რადგან ის ასახავს იმავე კანონმდებლობას, რომელიც უკვე არსებობს რუსეთში. მიუღებელი იქნება, თუ ეს კანონი ძალაში შევა. იმ შემთხვევაში თუ ეს მოხდება უნდა იყოს მკაფიო გზავნილი ევროკავშირისგან რომ ეს ნიშნავს ურთიერთობების ცვლილებას, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გვინახავს დისკუსიები ამ საკითხზე. ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს ევროკავშირთან. ჩვენ უნდა ვიყოთ ქართველი ხალხის გვერდით და ეს მოითხოვს ევროკავშირის დაბალანსებულ მიდგომას," - აცხადებს ტობიას ბილსტრომი.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ამბობს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ნაჩუქარი არაა და საქართველოს მთავრობამ შეთანხმებული 9 პუნქტი უნდა შეასრულოს.

​"ევროკავშირის მხარდაჭერა ამ გზაზე ნაჩუქარი არაა, რადგან საქართველოს მთავრობამ შეთანხმებული გზის ეს ცხრა ნაბიჯიც უნდა შეასრულოს. გვინდა, კომისიამ გადახედოს აღნიშნული ცხრა ნაბიჯის საკითხს და ასევე მოვამზადოთ შესაბამისი რეაქციები. ვგულისხმობ, როგორც კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ასევე პერსონალურ სანქციებს. თუ ეს შესაძლებელია, ასევე ვიზების რეჟიმის შესაძლო შეჩერებასა და გადახედვას. ეს იმის გამო, რომ ის ყველაფერი, რაც საქართველოს მთავრობას ეძლევა, არ არის ნაჩუქარი. საქართველოს მთავრობა ახლა წინ უნდა წავიდეს, როგორც ეს შეთანხმდა ევროკავშირთან, უფრო კონკრეტულად კი ქართველ ხალხთან," - ამბობს მარგუს ცაჰკნა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ფიქრობს, რომ თუ გამჭვირვალობის კანონი მიიღება საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველო ევროპულ გზას ვეღარ გააგრძელებს.
 
"მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც შეიძლება დღეს მივიღოთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრიდან არის ის, რომ მოხდეს ინფორმაციის საჯარო განახლება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ და საქართველო ევროკავშირის გზაზე. ვფიქრობ, მიმდინარე მოვლენები უნდა აისახოს და ვიმედოვნებ, რომ იქნება ძალიან მკაფიო სიგნალი ევროკავშირისგან, რომ თუ კანონი საბოლოდ მიიღება, საქართველო ვეღარ გააგრძელებს ევროკავშირის გზას. გადაწყვეტილება, რომლითაც კანდიდატის სტატუსი, მიენიჭა ქვეყანას იყო პირობების შესრულებლობის პირობით, ეს კრიტერიუმები თანხვედრაში არ არის რაც ნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსი აღარ არსებობს. პოლიტიკურად ასეა, რადგან ეს პოლიტიკური კონცეფციაა.ამიტომ სტატუსი შეიძლება შეჩერდეს," - აცხადებს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

დღის ამბები