25 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია - რა გეგმები აქვს მარტის აქციების მონაწილეს და როგორ აფასებენ მის გათავისუფლებას პოლიტიკურ სპექტრში

ლაზარე გრიგორიადისმა პენიტენციური დაწესებულება ადვოკატებთან ერთად დატოვა. ოჯახურ ძალადობასა და პოლიციელებზე თავდასხმაში მსჯავრდებული, საპატიმროდან სალომე ზურაბიშვილის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა. ჟურნალისტებთან საუბარიც სწორედ ზურაბიშვილის მიმართ მადლობით დაიწყო, თქვა, რომ უდანაშაულოა და ისევ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას გეგმავს.

მარტის აქციების მონაწილეს, გლდანის N8 დაწესებულებასთან, ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. ზურაბიშვილის გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა და ამბობენ რომ ლაზარეს შეწყალება დროული და სამართლიანი იყო.

ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამოსცა. თუმცა გადაწყვეტილება, 12 აპრილს, მას შემდეგ მიიღო, რაც სასამართლომ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ზურაბიშვილმა პოლიციელზე ძალადობა და ქვეყანაში მძიმე დანაშაული წაახალისა.

ზურაბიშვილის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა ოპოზიციისთვის. ნაწილი გრიგორიადისს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ნაწილი კი პოლიციელზე ძალადობასა და აქციებზე მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებას კატეგორიულად ემიჯნება.

ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ანტისახელმწიფოებრივია სახელისუფლებო გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოჯახურ ძალადობასა და პოლიციელებზე თავდასხმაში მსჯავრდებული გრიგორიადისის შეწყალებით, პრეზიდენტმა სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენა.

ლაზარე გრიგორიადისი სამართალდამცველებმა მარტის მოვლენების დროს მოლოტოვის კოქტეილის სროლისა და პოლიციის მანქანის დაწვის ფაქტზე დააკავეს. სასამართლომ, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურებისთვის მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გრიგორიადისი გასამართლებულია, მამის - ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზეც. მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებულმა კი საპატიმრო უკვე დღეს ზურაბიშვილის შეწყალების აქტის საფუძველზე, წელიწადსა და ერთ თვეში დატოვა.

დღის ამბები