25 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
პარტნიორების მორიგი კრიტიკა კანონის პირველი მოსმენის შემდეგ - როგორია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე" საერთაშორისო გამოხმაურებები

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის" პირველი მოსმენით დამტკიცებას, დღეს, დღის ბოლოს სახელმწიფო დეპარტამენტი მორიგი განცხადებით ეხმაურება. მეთიუ მილერი წერილში ამბობს, რომ კანონპროექტი ქვეყნის პროგრესზე ევროკავშირისკენ გზაზე ნეგატიურად აისახება და მმართველ ძალას მის უკან გაწვევას ურჩევს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მსგავსად, იმავე შინაარსით, საერთო წერილს ავრცელებენ ევროპარლამენტარებიც - დევიდ მაკალისტერი, სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი.

სახელისუფლებო გუნდი კი, ამ გზავნილების პასუხად, პარტნიორებს და ოპოზიციას იმ კონკრეტული არგუმენტების დასახელებას სთხოვს, რის გამოც მათთვის პროექტი მიუღებელია. მმართველი ძალა გამჭვირვალობის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. განმარტავენ, რომ პროექტი მხოლოდ ფინანსური დეკლარაციის შევსებას გულისხმობს, რაც უცხოეთიდან შემოსული თანხების მიზნობრიობას მეტად გამჭვირვალეს გახდის და ეროვნულ სუვერენიტეტს გააძლიერებს.

არგუმენტების დასახელებას ითხოვს ოპოზიციაც, თუმცა სახელისუფლებო გუნდისგან. მმართველი ძალის ოპონენტები კვლავ ფიქრობენ, რომ კანონის მიღების საჭიროება საქართველოს არ უდგას. ისინი "ქართულ ოცნებას" ურჩევენ გაიზიაროს პარტნიორების გზავნილები და პროექტი უკან გაიწვიოს.

მმართველი ძალის ოპონენტები იმასაც ამბობენ, რომ თუ "ქართული ოცნება" პარტნიორების ნებას არ დაჰყვება, ამან შესაძლებელია სუვერენიტეტის კუთხით დამატებითი პრობლემები წარმოქმნას.

"ქართულ ოცნებაში" ოპოზიციის პასუხად განმარტავენ, რომ პირიქით, "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ქვეყნის სუვერენიტეტს აძლიერებს. სახელისუფლებო გუნდში დღეს ისიც თქვეს, რომ პარტნიორების რეკომენდაციებს სახელმწიფოს პრიორიტეტების გათვალისწინებით იზიარებენ.

საკანონმდებლო ორგანომ რამდენიმე დღიანი განხილვის შემდეგ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ პროექტი პირველი მოსმენით გუშინ დაამტკიცა. მას 83 დეპუტატის მხარდაჭერა ჰქონდა, ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

დღის ამბები