25 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
შავი ზღვის რეგიონის უმსხვილესი საჰაერო ჰაბი - თბილისის ახალმა საერთაშორისო აეროპორტმა პირველი მგზავრი უახლოეს სამ წელიწადში უნდა მიიღოს

თბილისის ახალი აეროპორტი ვაზიანში, სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე აშენდება. ტენდერის პროცედურები და პროექტირება 2025 წელს უნდა დასრულდეს, რის მერეც მშენებლობა დაიწყება. ეკონომიკურ საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა 4-4,5 მილიონი მგზავრია, ტურიზმის განვითარების ფონზე, ქვეყანაში მგზავრთნაკადი იზრდება, რასაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება.

პირველ მგზავრს თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი რამდენიმე წელში მიიღებს. პროექტი მილიარდ 200 მილიონი დაჯდება. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ახალმა აეროპორტმა 19 მილიონი მგზავრის მიღება უნდა შეძლოს. ობიექტი შეასრულებს საერთაშორისო დამაკავშირებელი ფუნქციის როლსაც, როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო გადაზიდვების კუთხით.

ფინანსების მოსაზიდად, უკვე მიმდინარეობს შეთანხმება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. მართვასთან დაკავშირებით, მთავრობა სხვადასხვა მოდელს განიხილავს.

ტურიზმის ასოციაციაში ფიქრობენ, რომ ახალი საერთაშორისო აეროპორტის გახსნა პირდაპირ აისახება ტურისტების მოზიდვაზე. ბაზარზე ძვირადღირებული ავიაკომპანიები შემოვლენ, გახშირდება პირდაპირი ფრენები ევროპის ქვეყნებთან და გაიზრდება ვიზიტორების რაოდენობა.

მშენებლობის დაწყებამდე შემუშავდება გენერალური გეგმა, რომელიც პროექტის ფაზებს განსაზღვრავს. ტენდერი კი უკვე მომდევნო კვირას გამოცხადდება.

დღის ამბები