25 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
"ქართული ოცნება" სტრატეგიული პარტნიორის პასუხის მოლოდინშია - მმართველი ძალა აშშ-ს სთხოვს, ქართველი მოსამართლეები სანქცირებულთა სიიდან ამოიღოს

პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიური უწყებებისგან პასუხს ელოდება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებაზე, დაუსაბუთებელი იყო. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის განმარტებით, გვარამიას საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებამ პოზიცია უფრო გაუმყარა.

"ქართული ოცნების" ოპონენტები, ამბობენ რომ მმართველი პარტია სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას ხელოვნურად აზიანებს. ოპოზიციონერი დეპუტატები, მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნის მოთხოვნის ნაცვლად, ხელისუფლებას სასამართლოში არსებული პრობლემების მოგვარებას ურჩევენ.

მმართველ გუნდში მოლოდინი აქვთ, რომ, აშშ-ის საელჩოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ქართველი მოსამართლეების სანქცირების გადაწყვეტილება გადაიხედება. სასამართლო სისტემა, უმრავლესობის წევრების განმარტებით, დამოუკიდებელი და თავისუფალია. სანქციების მოხსნასთან ერთად, "ქართული ოცნების" წევრები მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ბოდიში მოხდასაც ითხოვენ.

"საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა" და "მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართვის" მიზეზით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, 2023 წლის 5 აპრილს, სავიზო შეზღუდვა დაუწესა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს. ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე კი, აშშ-ის საელჩოს პროგრამიდან მოხსნეს. ამ დრომდე, სავიზო შეზღუდვები მოსამართლეების ოჯახის წევრებზეც ვრცელდება.

დღის ამბები