უელსის პრინცესას გაუჩინარების მიზეზი გაირკვა. ქეით მიდლტონი სიმსივნეს ებრძვის. დიაგნოზი გაერთიანებული სამეფოს მომავალმა დედოფალმა ვიდეომიმართვით, თავადვე გაამხილა. დაავადების შესახებ კონკრეტული დეტალები არ არის ცნობილი, თუმცა კენსინგტონის სასახლეში დარწმუნებულები არიან, რომ პრინცესა მალე გამოჯანმრთელება.
ჰერცოგინიას ოფიციალურ გამოჩენას საზოგადოება 31 მარტს ელოდა, ასე დააანონსა სამეფომ, თუმცა როგორც ჩანს გადაწყვიტეს რამდენიმე დღით ადრე დაესრულებინა სპეკულაციები პრინცესას გაუჩინარებასთან დაკავშირებით და ვიდეომიმართვიდან გავიგეთ, რომ მას იანვარში ჩაუტარდა მუცლის ღრუს ოპერაცია, შემდეგ კი დაუდგინდა სიმსივნე, ახლა არის ქიმიოთერაპიის ადრეულ ეტაპზე. პრინცესა თავის მიმართვაში მისი დაავადების დეტალებზე არ საუბრობს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი უმტკივნეულო უნდა იყოს მისი შვილებისთვის, ამიტომ სამეფო ოჯახის სურვილია იყოს შენარჩუნებული კონფიდენციალურობა.
პრინცესას ვიდეოს მოჰყვა გამოხმაურებები, მსოფლიო ლიდერებისგან, ვარსკვლავებისგან, რიგითი მოქალაქეებისგან, მაგრამ პირველი ოფიციალური გამოხმაურება ეკუთვნით პრინც ჰარის და მეგან მარკლს, ისინი ამბობენ, რომ მათ პრინცესას დაავადების შესახებ ხალხთან ერთად, ორი დღის წინ გაიგეს.
თითქმის 3 თვიან გაუჩინარებამდე, პრინცესა უკანასკნელად ხალხმა შობას, გასული წლის 25 დეკემბერს ნახა.
16 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეტრინმა გაიკეთა გეგმური ოპერაცია და გარკვეული პერიოდი არ გამოჩნდებოდა, ამაში თავდაპირველად ეჭვი არავის შეუტანია, მაგრამ 18 თებერვალს, როდესაც პრინცი უილიამი Bafta-ს დაჯილდოებას ცოლის გარეშე დაესწრო, კითხვის ნიშნები გაჩნდა.
შემდეგ იყო პაპარაცული ფოტოები და ეჭვები - იყო თუ არა ფოტოზე ქეითი. დედის დღეზე კი სასახლემ ქეითისა და მისი შვილების ფოტო გამოაქვეყნა, რომლის გამოც პრინცესა დაცინვის და ლანძღვის ობიექტიც გახდა, მოგვიანებით თავადვე აღიარა, რომ ეს ფოტომონტაჟ იყო. როგორც ჩანს, ამ ყველაფრის დასრულება დროზე ადრე მოისურვა სამეფო ოჯახმა და ნაცვლად 31 მარტისა, პრინცესა ორი დღის წინ გამოჩნდა.
მანამდე, 42 წლის ჰერცოგინიას გაუჩინარების 2 ვერსიას განიხილავდნენ, პირველი ჯანმრთელობის გაუარესებას უკავშირდებოდა, თუმცა ძალიან დრამატულ სურათს ხატავდნენ ჭორის ავტორები, რომ პრინცესა კომაშია და უმძიმესი მდგომარეობა აქვს. კიდევ უფრო ბოროტი ხმები იმასაც ამბობდნენ, რომ სამეფო პრინცესას გარდაცვალების ამბავს მალავდა. მეორე მიზეზი კიდევ უფრო აქტიურად განიხილებოდა, რომ პრინცესა ქეითი პრინც უილიამს დაშორდა. ზოგი ამბობდა, რომ ღალატის გამო, ზოგიც შვილების აღზრდასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, მაგრამ ეს ჭორები ორი დღის წინ გაბათილდა. თუმცა ამით არ დასრულებულა სპეკულაციები, ახლა უკვე იმაზე ალაპარაკდნენ, რომ გავრცელებული ვიდეომიმართვა ხელოვნური ინტელექტის ნამუშევარია.
ასევე აქტიურად განიხილება ქეით მიდლტონის ვიზუალი, წონა და თმა, ამბობენ, რომ მას ვიდეომიმართვაში პარიკი ეკეთა, ეს ვერსია სიმართლესთან შეიძლება ახლოს იყოს იმის გათვალისწინებით, რომ პრინცესა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, ამგვარი მკურნალობისთვის კი თმის ცვენა დამახასიათებელია.
იმაზეც ალაპარაკდნენ, რატომ შეექმნა პრინცესას ჯანმრთელობის პრობლემა მაშინ, როდესაც ის სამეფოს პროტოკოლით ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, მას დაქორწინების შემდეგ აეკრძალა მოწევა, არაჯანსაღი საკვები და მისდევდა აქტიურ სპორტს, მაგრამ ინსაიდერები იმასაც ამბობენ, რომ პრინცესა ამ პროტოკოლს ხანდახან არღვევს.
ახლა სამეფო ოჯახში ორი ონკოპაციენტია. 2024 წელი უინძორებისთვის რთულად დაიწყო. ჯერ იყო პრინცესას გეგმური ოპერაცია, შემდეგ კი მეფე ჩარლზის ჯანმრთელობის გაუარესება. 17 იანვარს გაავრცელეს საკმაოდ დეტალური დიაგნოზი, რომ მეფეს პროსტატის ადენომა ჰქონდა, 5 თებერვალს კი დადასტურდა, რომ დიდი ბრიტანეთის 75 წლის მონარქს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მეფე მას შემდეგ ხანგრძლივ მკურნალობას გადის.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრინცესა ქეითისა და ჩარლზს, ქეითის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ემოციური შეხვედრა ჰქონდათ. 75 წლის მონარქი ლონდონიდან უინძორის ციხესიმაგრეში გაემგზავრა რძალთან შესახვედრად. შეხვედრის სურვილი პრინცესას გამოუთქვამს, რათა მეფისაგან მოესმინა როგორ უმკლავდება ის დაავადებას. "დეილი მეილის" ინფორმაციით, ჩარლზი პრინცესას ლონდონის კლინიკაში ყოფნისას, პალატაშიც ეწვია.
როგორც უელსის პრინცესამ აღნიშნა, დიაგნოზის მიუხედავად, ის თავს კარგად გრძნობს და დღითიდღე ძლიერდება. სამეფო სახლი კი იუწყება, რომ პრინცესას სრულად გამოჯანმრთელებაში დარწმუნებული არიან. ბოლო დღეებმა კი გვიჩვენა, რომ მომავალ დედოფალს ამ დაავადებასთან ბრძოლაში ნამდვილად ბევრი გულშემატკივარი ჰყავს .