25 ნოემბერი 2024,   13:59
ვრცლად
როდესაც რეკომენდაცია მიგვითითებს, რომ "ვეტინგის" განხორციელება არის აუცილებელი, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი და დაუსაბუთებელი ჩვენთვის - დიმიტრი გვრიტიშვილი

მოსამართლეთა 32-ე კონფერენცია, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ე.წ. ვეტინგის სისტემაზე მსჯელობით გაიხსნა. აღინიშნა, რომ სასამართლო სისტემაში ჩარევა და მასზე გავლენის მოხდენა კატეგორიულად მიუღებელია. სხდომაზე ე.წ. ვეტინგის სისტემის შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარადგინა დიმიტრი გვრიტიშვილმაც.

მოსამართლეების თქმით, მათთვის პრინციპულად მიუღებელია მოსამართლეთა კეთილსინდისიერება უცხოელმა ექსპერტებმა შეაფასონ. 32-ე კონფერენციაზე მოსამართლეებმა იუსტიციის საბჭოს 2 წევრი და მდივანი უნდა აირჩიონ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვისთვისაც ე.წ. ვეტინგი მიუღებელია.

"ნებისმიერი სახის შემოწმება თუ მოქმედება სასამართლოსთან მიმართებაში, კანონიერები ფარგლებში, უნდა მოხდეს, თუმცა იმ ფრომით, რა ფორმითაც აქ ვისმენთ, რა თქმა უნდა, ამის მომხრე ვერანაირად ვიქნები, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ მე ჩემი კოლეგების პიროვნული მოწინააღმდეგე უნდა ვიყო. მიცნობთ, ეს ასე არ არის", - განაცხადა გიორგი ებანოიძემ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით უნდა მოხდეს დასაბუთება თუ რატომ არის საქარტველოში ე.წ ვეტინგის სიტემის დანერგვა აუცილებელი.

"სათანადო წინაპირობები ამ ექსტრაორდინარული პროცესისთვის, როგორიც არის ვეტინგი, არა არსებობს საქართველოში, განსხვავებით, მაგალითად უკრაინისგან, ალბანეთისგან და უკვე მოლდოვისგან, სადაც ეს პროცედურა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

აპელირებენ, თითქოს ჩვენ რაღაცის გვეშინია, ჩვენ არაფრის არ გვეშინია. აქ არის საუბარი არგუმენტირებულ პოზიციაზე და როდესაც რეკომენდაცია მიგვითითებს, რომ ვეტინგის განხორციელება არის აუცილებელი, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი და დაუსაბუთებელი ჩვენთვის. მოსამართლის კეთილსინდისიერება, კვალიფიციურობა და ქონებრივი მდგომარეობა, სამივე ამ მიმართულებით დღესაც სასამართლოსთვის და მოსამართლეებისთვის შემოწმებისთვის საკანონმდებლო ჩარჩო გათვალისწინებულია, უბრალოდ, არ მესმის რა საჭიროა სასამართლოში საკადრო გადაწყვეტილებების მისაღებად უცხოელი ექსპერტების ჩართულობა და ამ გადაწყვეტილებების გადამისამართება გარე სუბიექტებზე, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს ქმნის.

ნებისმიერი ღონისძიება მოსამართლის მიმართ, რაც უნდა დაინერგოს სახელმწიფოს თუ სხვა სუბიექტების მხრიდან, უნდა იყოს მომეტებული სიფრთხილით შერჩეული. უნდა იყოს აბსოლუტურად არგუმენტირებული, უნდა იყოს დასაბუთებული, რომ ამ პროცედურის განხორციელება არის აუცილებელი. ჩვენ ვამბობთ, რომ ასეთი აუცილებლობა არ არის დასაბუთებული საქართველოსთან მიმართებაში. აუცილებლობას რაც ვერ ვხედავთ ამიტომ ვამბობთ, დირექტივას ემსგავსება", - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

დღის ამბები