თბილისში, დადიანის ქუჩაზე ნაქირავებ საცხოვრებელ სახლში, სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი დააკავეს. მეზობლები "კურიერთან" ადასტურებენ, რომ ამ მისამართზე პოლიცია ნამდვილად იყო მობილიზებული. გამოძიების ინფორმაციით, ადგილზე აღმოჩენილია დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკი. სამართალდამცველებმა ამოიღეს სპეციალური ხელსაწყოებიც, რითაც წყვილი ნარკოტიკულ საშუალებებს გასაყიდად ამზადებდა.
დადიანის ქუჩის გარდა, თბილისში, ნარკორეალიზატორები სხვა ლოკაციებზეც დააკავეს. ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ხელბორკილები დაადეს მამაკაცს, რომელიც აკრძალული ნივთიერებების რეალიზაციას აპლიკაცია - "ტელეგრამის“ გამოყენებით ახდენდა. კიდევ ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას კი, ნივთმტკიცებად, ამოღებულია 34 შეკვრა "მეტადონი", რომლის განთავსებას ბრალდებული, თბილისში, სხვადასხვა მისამართზე გეგმავდა.
ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია გრძელდება აჭარაშიც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბათუმში, ბელარუსის მოქალაქე დააკავა, რომელიც ნაქირავებ ბინაში დიდი ოდენობით ნარკოტიკებს აფასოებდა და სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა. "კურიერს" ადგილზე დაუდასტურეს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააპატიმრეს.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სულ 8 პირი დააკავეს. ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ. ფაქტზე საჯაროდ არც ადვოკატები საუბრობენ. სასამართლომ მათ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა უკვე შეუფარდა.
მხოლოდ მიმდინარე წელს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სისხლის სამართლის 300-ზე მეტ საქმეზე დაიწყო გამოძიება. 2023 წელს კი ამოღებულია 84 კილოგრამი "ჰეროინი", 12 ათასამდე აბი "სუბოტექსი", 2,5 კილოგრამი "კოკაინი" და სხვა მძიმე ნარკოტიკული საშუალებები. ქვეყნის მასშტაბით, გამოვლენილი და დაკავებულია 60-მდე მსხვილი ნარკორეალიზატორი.