25 ნოემბერი 2024,   13:59
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" PR სტრატეგია - უცხოელი პიარ-კონსულტანტის დავალებების განხორციელება დღეს უკვე მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო

უცხოელი პიარ-კონსულტანტის დავალებების განხორციელება დღეს უკვე მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო და ამისთვის მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა სასამართლო პროცესი გამოიყენა. ლევან ხაბეიშვილის შემდეგ შედარებებიც ანალოგიური იყო - საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის.

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის განცხადებიდან მალევე, ამავე თემაზე საგანგებო ბრიფინგი სააკაშვილის პარტიის პარტნიორმა "სტრატეგია აღმაშენებელმა" გამართა. როზნერის რჩევები გიორგი ვაშაძემაც, კოლეგების მსგავსად, ზედმიწევნით გაითვალისწინა. ისაუბრა სასურსათო კალათაზე და საქართველოში არსებული ფასები მანაც თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შეადარა.

სწორედ საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე მიანიშნებს "ნაციონალური მოძრაობის" ახალი პიარსტრატეგია მმართველი გუნდისთვის. "ქართულმა ოცნებამ" სააკაშვილის პარტიას დღეს არითმეტიკაც დაუწუნა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ოპონენტებს კონკრეტული მონაცემებიც შეახსენეს, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველოში ცხოვრება ყველაზე ნაკლებად გაძვირდა, ვიდრე - რეგიონსა და, ზოგადად, მსოფლიოში.

ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა კოლეგებს, არითმეტიკასთან ერთად, პიარკონსულტანტიც დაუწუნა. მათი თქმით, "ნაციონალური მოძრაობას" კონკრეტული სტრატეგია არ გააჩნიათ.

კითხვას ამ თემაზე დღეს პრემიერ-მინისტრმაც უპასუხა. მისი თქმით, ორი მსოფლიო კრიზისის ფონზე, საქართველოში, 2012 წლის შემდეგ, ფასების მაჩვენებელი დაბალია. ირაკლი კობახიძე მიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე სპეციალურად არ საუბრობს, რათა საზოგადოება, მიზანმიმართულად, შეცდომაში შეიყვანოს. როზნერის გეგმის უკან მმართველი გუნდი ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო ინიციატივის თემის გადაფარვის მცდელობასაც ხედავს. ეს იმ ფონზე, როდესაც, სახელისუფლებო პარტიის ლიდერების თქმით, ნაცმოძრაობას ფასებზე კოვიდპანდემიით გამოწვეულ მძიმე ვითარების დროსაც კი არ უსაუბრია.

"ნაციონალური მოძრაობის" ახალი პიარსტრატეგია ცნობილი მის მოქმედებაში მოყვანამდე გახდა, როდესაც, 3 დღით ადრე, ის "კურიერის" ჟურნალისტმა გაშიფრა. ორი მთავარი პუნქტი, რომელიც ამ გეგმის ნაწილი იყო, დეტალურად ახდა - ლევან ხაბეიშვილმა ჩამოთვლილი ყველა დავალება შეასრულა. ვიზიტი პარტიის მომხრე ოჯახში, შეხვედრა მეწარმესთან და ბრიფინგი სარფის საბაჟოზე - თემა უცვლელი - სურსათის ფასები.

დღის ამბები