პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ბიუროს სხდომაზე გადის, ხვალ კი მასზე სესიის ფარგლებში იმსჯელებენ.
საუბარია კომისიაზე, რომელსაც "ქართული ოცნება" ქმნის, რათა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი დანაშაული შეისწავლონ.
"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, აუცილებელია საქართველოში "ნაციონალური მოძრაობა" აიკრძალოს, ამის სამართლებრივი საფუძველი კი სწორედ საგამოძიებო კომისიის შექმნაა.
"კომისიის შექმნას აქვს უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა, მათ შორის, სამართლებრივი დატვირთვა იქიდან გამომდინარე, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობა" უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში.
ამერიკაში Deep state-ს ასრულებს ამერიკელი ხალხი და დღევანდელი პრეზიდენტი ტრამპი და საქართველოში Deep state-ის წარმომადგენლობა - კოლექტიური "ნაცმოძრაობა", უნდა დასრულდეს.
სამართლებრივი გზა სწორედ ეს არის, საგამოძიებო კომისიის შექმნა და მისი დასკვნა, ამის შემდგომ უკვე შესაბამისი უწყებების შესაბამისი პროცედურები და აქედან გამომდინარე, სანამ არ დასრულდება Deep state-ის წარმომადგენლობა კოლექტიური "ნაცმოძრაობის" სახით საქართველოში, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის გვექნება ასეთი ტიპის გამოწვევები.
თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები ამ პროცესთან დაკავშირებით, გადახედონ ამერიკის პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველა პროკურორი დათხოვნილია თანამდებობიდან, რომელიც იღებდა მონაწილეობას 6 იანვრის დაკავებებში.
საჯარო სექტორში ათი ათასობით ადამიანი, რომელიც იღებდა Deep state-ის პროცესებში მონაწილეობას, არის გაშვებული. ჩვენ ყოველთვის მოგვიწოდებდნენ, რომ სტრატეგიული პარტნიორი ამერიკა ასე აკეთებს და თქვენ რატომ არ აკეთებთო და ახალა ვბაძავთ, აქამდეც ასე ვიქცეოდით იმიტომ, რომ სიმართლე ეს არის და ამის მერეც, ასე მოვიქცევით", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.