03 თებერვალი 2025,   12:45
ვრცლად
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მთავრობამ $6-მილიარდიან ინვესტიციას გაუხსნა კარი - ახალი საინვესტიციო დერეფნის ისტორიის წერა იწყება

თბილისს, აჭარასა და აბუ-დაბის შორის მანძილს უპრეცედენტო ინვესტიცია ამცირებს, და, როცა ჩვენი ქვეყნის ისტორია, კულტურა და ბუნების გულუხვი საჩუქარი საოცრებას ქმნის, ძველის გაგრძელებისა და ახალი ისტორიის წერაც მარტივია. რთულია, ერთხელ მაინც ნახო აჭარის კალთებს თავს მიდებული შავი ზღვა და უბრალოდ დაივიწყო, ასე მოხდა ახლაც. ერთწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მთავრობამ "EMAAR ჯგუფთან" თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ექვს-მილიარდიანი დოლარის ინვესტიციას კარი გაუხსნა. ადგილები უკვე შეირჩა - თბილისი და გონიო. შავიზღვისპირეთის მთავარ ციტადელზე (გონიოს ციხე) ლეგენდები ბევრს ჰყვებიან, ისტორია მოჰყვება ახალზე. ეს ადგილი, მალე საინვესტიციო რუკაზე კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება. აჭარას ტურისტები არცერთს სეზონზე აკლია, თუმცა შავი ზღვის ლურჯი სანაპირო მეტსაც დაიტევს. რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიცია, ახალ ტურისტულ ინფრასტრუქტურასა და ათიათასობით სამუშაო ადგილს შექმნის, ადგილობრივის გაზრდამ კი, საბოლოოდ, ქვეყნის ეკონომიკა უნდა გააძლიეროს.

260 ჰექტარი ტერიტორია და ამბიციური გეგმები, გონიოს პოლიგონის ტერიტორიას, მალე ახალ სიცოცხლეს შესძენს. საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები, თანამედროვე საცხოვრებელი სახლები, ვილები, სავაჭრო სივრცეები - ეს იმ პროექტების მცირე ჩამონათვალია, რომელმაც ზღვისპირა რეგიონს კიდევ უფრო მეტი მომხიბვლელობა უნდა შესძინოს. გონიოს ტერიტორია გადამფრენი ფრინველების ერთ-ერთი დიდი კორიდორია, სწორედ ამიტომ მშენებლობის პროცესში გარემოს დაცვითი სტანდარტები გათვალისწინებული და დაცული იქნება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გვიყვება, რომ ამ ტერიტორიაზე, წინასწარი კვლევები უკვე დასკვნით ეტაპზეა, სამუშაოები კი უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ისტორიული მემკვიდრეობა და თანამედროვე ესთეტიკის სინთეზი, კულტურული სიჭრელე, წარსული და აწმყოს შეხვედრის ადგილი - უპრეცედენტო ინვესტიციის ეკონომიკური კომპასი საქართველოს დედაქალაქზეც გასწორდა. თბილისსა და რუსთავს შორის, 590 ჰექტარზე ფონიჭალის ამ ტერიტორიაზე მულტიფუნქციური პროექტი განთავსდება.

სურათზე ნანახი რეალობად უნდა იქცეს - ამისთვის კი პროცედურებია საჭირო. საპროექტო სამუშაოები უახლოეს პერიოდში, უშუალოდ მშენებლობის პროცესი კი მომავალი წლიდან დაიწყება. ეკონომიკის მინისტრი და ვიცე პრემიერი იმ დადებით ეკონომიკურ ეფექტებზე საუბრობს, რომელსაც ინვესტიცია ჩვენს ქვეყანას მოუტანს.

მაშინ როცა 6 მილიარდი დოლარი, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის 18 პროცენტს შეადგენს, უპრეცედენტო ინვესტიცია კიდევ უფრო დიდ მასშტაბს იძენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ ინვესტიცია ხელს შეუწყობს, როგორც ეკონომიკის განვითარებას, ასევე, ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას.

ეს ყველაფერი კი სწორედ ხელმოწერით დაიწყო. იმ დოკუმენტზე თანხმობით, რომელიც გაერთიანებულ საამიროებში მთავრობის მეთაურის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

სიახლემ მალევე მსოფლიო პრესას აალაპარაკა. მრავალ მილიარდიან ინვესტიციაზე შეთანხმებამ კი გავლენა მსოფლიოს ყველაზე მაღალ შენობაზეც მოახდინა. 828 მეტრის სიმაღლის ბურჯ ხალიფა საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

საქართველოს მშვენიერებით აღფრთოვანება "EMAAR ჯგუფის" დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა ჯერ ხელმოწერით დაადასტურა, ბოლოს კი ემოციებიც ვერ დამალა. მოჰამედ ალი რაშად ალაბარი ამბობს, რომ ახალ ინვესტიციას ადგილობრივი ეკონომიკისთვის ღირებულებაზე, სამჯერ ან ოთხჯერ მეტი დადებითი შედეგი ექნება.

"EMAAR ჯგუფი" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დეველოპერული კომპანიაა, რომლის ისტორია 1997 წლიდან იწყება. 15-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებას კი უკვე საქართველოც შეემატა. მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის უკან სწორედ "EMAAR ჯგუფი" დგას - ბურჯ ხალიფა 163 სართული და ნაგებობა, რომელიც სავაჭრო და გასართობ სივრცეებს, საკვებ ობიექტებს, სასტუმროებსა და პრემიუმ ოფისებს აერთიანებს. მაშინ, როცა ამბიციებიც დიდია და შესრულებული სამუშაოებიც უნიკალური - გინესის რეკორდებიც არ დააყოვნებს. 2015 წელი, მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა და ახალი წლის დაუვიწყარი შოუ "EMAAR-ის" ავტორობით - 10-წუთიანი სანახაობა ისტორიასთან ერთად მნახველების მეხსიერებაშიც შთამბეჭდავად ჩაიწერა.

და თუ ვსაუბრობთ პირველზე, უნდა აღინიშნოს მეორეც - მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე დიდი მოლის ავტორთა კვალიც სწორედ "EMAAR ჯგუფთან" მიდის. მილიონობით სტუმარს აქ 1 200 მაღაზია და 120 რესტორანი ხვდება, დუბაის მოლი 50-ზე მეტი ფეხბურთის მოედნის ზომის არის, რაც მას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის.

ამერიკის შეერთებული შტატები, უნგრეთი, თურქეთი, ალბანეთი, სერბეთი, ხორვატია - ქვეყნების ჩამონათვალი ვრცელია, დიდია ის არქიტექტურული კვალიც, რომელიც "EMAAR ჯგუფმა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაზე დატოვა. ჯერი ახლა საქართველოზეა - სტუმარმასპინძლობით გამორჩეული ქვეყანაზე ინვესტორთა ფსონი დადებულია. ლეგენდებით სავსე თბილისი და ადგილი, სადაც ზღვა ბუნებას ხვდება.

ახალი საინვესტიციო დერეფნის ახალი ისტორიის წერა იწყება.

 

ავტორი: იზი ბურნაძე

დღის ამბები