03 თებერვალი 2025,   13:04
ვრცლად
უპრეცედენტო მასშტაბის დეპორტაცია ამერიკიდან და მილიონობით მიგრანტი ამერიკა-მექსიკის სასაზღვრო კედელთან - შტატებმა არალეგალი მიგრანტების მასობრივი დეპორტაცია დაიწყო

მავთულხლართები, დაპატიმრების შიში, ხშირად ხანგრძლივი პატიმრობაც, გასავლელად რთული ბილიკები და გვირაბები - ეს ის მძიმე გზაა, რომელსაც სასაზღვრო კედელთან მიგრანტები მთელი მსოფლიოდან, უკეთესი ცხვრების მოლოდინებსა და კეთილდღეობის სურვილს მიჰყავს. თუმცა ახლა ამერიკის ამ არალეგალ სტუმრებს ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს მასპინძელი ქვეყანა კარს უკეტავს და აღარ დაელოდება.

ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საემიგრაციო პოლიტიკა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდე წინასაარჩევნო კამპანიის დროს დააანონსა, მერე ამაზე თავის საინაუგურაციო სიტყვაშიც ისაუბრა და პრეზიდენტობის პირველივე დღეს საარჩევნო დაპირების შესრულებაც დაიწყო.

ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და არალეგალური გზით ჩასული მიგრანტებისთვის თავშესაფრის მინიჭების პროცესი შეაჩერა.

გამოსცა განკარგულებაც, რომელიც მიგრანტების ოჯახში დაბადებული ბავშვისთვის მოქალაქეობის პრივილეგიის ჩამორთმევას ითვალისწინებს. ამერიკის პრეზიდენტს ეს გადაწყვეტილება 22-მა შტატმა უზენაეს სასამართლოში გაუსაჩივრა.

მიგრანტები მექსიკის საზღვართან მდებარე მდინარე რიო-გრანდეს ძირითადად ღამით კვეთენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლას და თავშესაფრის მიღებას უმეტესად სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან მომავალი ადამიანები ცდილობენ.

ამჟამად გაუქმებულია პრაქტიკაც - დაიჭირე და გაათავისუფლე, აქამდე პოლიციელები მიგრანტებს საზღვარზე აკავებდნენ და მათ ათავისუფლებდნენ, სანამ სასამართლო პროცესი დაიწყებოდა.

ახალი საემიგრაციო წესები მექსიკიდან საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდეგ, მიგრანტთა დაუყოვნებლივ დეპორტაციას ითვალისწინებს. რეგულაციების ძალაში შესვლამდე მექსიკის საზღვრის კვეთის მცდელობა მხოლოდ 1 დღე-ღამეში 10 ათასზე მეტ მიგრანტს ჰქონდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აშშ-ში შესვლის 60 ათასამდე მსურველი კი საზღვართან ბანაკებშია განთავსებული.

მექსიკის პატარა ქალაქს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან მდებარეობს, ტეხასის ქალაქ ელ-პასოსგან მდინარე რიო -გრანდე ყოფს. ადგილობრივი ხელისუფლება აქ კარვების დიდ ქალაქს აშენებს, რადგან ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უკან გაბრუნებული მიგრანტების დიდ ნაკადს ელოდებიან. ქალაქის მთავრობის წარმოიდგინებიან აცხადებენ, რომ კარვების ქალაქი რამდენიმე ათას ადამიანზეა გათვლილი და მზად უახლოეს დღეებში იქნება. ადგილობრივი ხელისუფლება თანახმაა მხოლოდ მექსიკელი მიგრანტები მიიღოს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ნებართვის გარეშე 5 მილიონამდე მხოლოდ მექსიკელი ცხოვრობს.

აშშ-ის ხელისუფლებამ მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის პროცესი 21 იანვარს ჩიკაგოში რეიდებით დაიწყო, რომლის ფარგლებში ქვეყანაში არალეგალურად მყოფებს აკავებენ. უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, გასულ კვირას საიმიგრაციო პოლიციამ დააკავა და ქვეყნიდან გააძევა 7 300 ადამიანი. ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ამერიკაში უკანონოდ საზღვარი 10 მილიონზე მეტმა მიგრანტმა გადაკვეთა.

პენტაგონმა საზღვაო ფეხოსნები და ეროვნული გვარდიის 1500 სამხედრო უკვე გაგზავნა მექსიკის საზღვართან. ისინი სასაზღვრო კედლის მშენებლობის სამუშაოებში ჩაერთვებიან. თავდაცვის უწყება ასევე უზრუნველყოფს თვითმფრინავებს დეპორტაციისთვის. ტრამპის ადმინისტრაცია იქ კიდევ 10 000 სამხედროს გაგზავნას განიხილავს.

22 იანვარს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ საბოლოოდ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მოითხოვს იმ მიგრანტების დაკავებას, ვინც ბრალდებულია ქურდობასა და ძალადობრივ დანაშაულში. ეს დიდი ალბათობით პირველი კანონი იქნება, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის მეორე ვადაში მოაწერს ხელს, რადგან კანონპროექტს ამ ეტაპზე ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და ის პრეზიდენტის წინასაარჩევნო დაპირებებთანაც თანხვედრაშია.

კანონპროექტის სახელია "ლეიქენ რილის აქტი". ის ჯორჯიელი სტუდენტის სახელს ატარებს, რომელიც გასულ წელს ვენესუელელმა იმიგრანტმა მამაკაცმა მოკლა. ამ ფაქტმა დიდი გავლენა იქონია "რესპუბლიკელთა" მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების აუცილებლობის დასაბუთებაზე და საპრეზიდენტო თუ ადგილობრივ არჩევნებში მათ მიერ მოპოვებულ გამარჯვებებზე.

გასული კვირის ბოლოს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კიდევ ერთ ბრძანებას, რომელიც უწყებებს მოუწოდებს, ამერიკის საზღვაო ბაზაზე გუანტანამოს ყურეში მიგრანტთა დაკავების ცენტრი გააფართოონ. პრეზიდენტმა პირობაც დადო, რომ ქვეყანას დაატოვებინებს იმ სტუდენტებსაც, რომლებიც პროპალესტინურ აქციებში მონაწილეობდნენ.

მექსიკის მხარეს მომლოდინე მიგრანტები ახლა გაურკვევლობაში არიან. პოლიციას ემალებიან ამერიკაში არალეგალურად შესული ადამიანებიც. თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის მკაცრმა მიდგომამ მილიონობით ადამიანის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და ისინი დეპორტაციის მოლოდინში დატოვა.

 

 

დღის ამბები