საპროტესტო აქცია თბილისის გასასვლელთან - აქციის მონაწილეები "თბილისი მოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების მოთხოვნით შეიკრიბნენ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც შეკრებილებს მოუწოდებენ, პროტესტი კანონით დადგენილ ფარგლებში გამოხატონ, რადგან სტრატეგიული მნიშვნელობის გზის ბლოკირება არ შეიძლება, თუმცა რამდენიმე წუთის წინ, შეკრებილებმა საავტომობილო გზის ნაწილი დაიკავეს, გზის დანარჩენ ზოლებში კი საავტომობილო მოძრაობა გრძელდება.
ადგილზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია, სამართალდამცავები სავალი გზის ორივე მხარეს არიან განლაგებული. ამასთან, ორგანიზებულ მსვლელობას სამართალდამცველები უზრუნველყოფენ.
აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. მათი თქმით, პროტესტი ლეგიტიმურია და მოქალაქეებს აქვთ მშვიდობიანად გამოხატვის უფლება. მათივე თქმით, გზაც იკეტება, როდესაც პროტესტი მიმდინარეობს.
"სავაჭრო ცენტრი არ არის სტრატეგიული ობიექტი, ისევე, როგორც რუსთაველის გამზირი, რომელიც შეიძლება ხვალ სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შეიტანონ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ასეა. არ შეიძლება მშვიდობიანი პროტესტის (რომელიც ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა), უფლების წართმევა. მოთხოვნა არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები," - აცხადებს "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია.
"ამ კონკრეტულ პროტესტზე მე, როგორც მოქალაქე მოსული ვარ მორიგი ამაზრზენი ქმედებების, რაც გუშინ ვიხილეთ, გასაპროტესტებლად. გზის გადაკეტვა არ არის, ჩემი, როგორც მოქალაქის ამოცანა. ამოცანა არის პროტესტის გამოხატვა, რასაც შეიძლება, როგორც გვერდითი ეფექტი მოჰყვეს გადაკეტვა, რაც ხდება ყოველთვის, როცა მშვიდობიან პროტესტს აქვს ადგილი.
სამართალდამცველების მიერ კანონის ინტერპრეტაცია ჩემთვის არ არის გადამწყვეტი. ჩემთვის გადამწყვეტია, თუ პროტესტი არის ლეგიტიმური," - აცხადებს პარტია "ფედერალისტების" დამფუძნებელი, გიგა ბოკერია.
"ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება. ყველა, ვინც დაარღვევს მშვიდობიანი დემონსტრანტის უფლებას, მიეცემა ძალიან მკაცრ პასუხისგებაში.
მე რას ვაპირებ, ამას თქვენ ნახავთ," - აღნიშნა "ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
"კურიერის" კორესპონდენტის კითხვაზე, გადაიკეტება თუ არა გზა, ვაშაძემ უპასუხა: "რასაც ხალხი გადაწყვეტს, ის იქნება."