03 თებერვალი 2025,   19:43
ვრცლად
"ტრენინგების ჩამტარებელი, წარსულში მკვლელი ადამიანები ვეღასდროს უნდა ბედავდნენ ხელისუფლებაზე პრეტენზია განაცხადონ, ამიტომ არის ეს კომისია" - მამუკა მდინარაძე საგამოძიებო კომისიაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს გამოეხმაურა. მდინარაძემ განმარტა, რომ ამ პროცესის მთავარი მიზანია, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა აღარ ჰქონდეთ.

როგორც მდინარაძემ განმარტა, "ნაციონალურ მოძრაობაში" გულისხმობს პირებს, რომლებიც პარტიის წევრები არიან ახლა, გარდა ამისა, იმ პირებს, რომლებიც ამ პოლიტიკურ სუბიექტს წარსულში წარმოადგენდნენ.

"ტრენინგების ჩამტარებელი, წარსულში მკვლელი ადამიანები ვერასდროს ვეღარ უნდა ბედავდნენ ხელისუფლებაზე პრეტენზია განაცხადონ, ამიტომ არის ეს კომისია.

5-6 წლის წინ, ჩვენ რომ "ნაცების" მოქმედებებისადა დანაშაულების შემსწავლელი კომისია დაგვეინიცირებია, შეიძლება აქეთ ავეყირავებინეთ გარე ძალების დახმარებით. დღეს, ამის თავი გვაქვს და ამას ვაკეთებთ - ეს არის პასუხი თუ აქამდე რატომ არ გავაკეთეთ.

კიდევ უფრო მყარად და ხისტად, თავის სახელი დაერქმევა ყველაფერს და მომავალში, როგორც ნიურნბერგის პროცესის შემდეგ, ფაშისტები ვეღარ ბედავდნენ და ვეღარ ბედავენ დღემდე, ამდენი ათწლეულის გასვლის შემდეგ, რომ განაცხადონ გერმანიაში ხელისუფლებაზე პრეტენზია, ასევე ვეღარ უნდა გაბედოს "ნაცმა" განაცხადოს პრეტენზია, რომ მოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაში.

"ნაცში" რაც არ უნდა დაირქვა, იგულისხმება არა მხოლოდ 5 ნომრიანი პარტიული კუთვნილება, არამედ მათი გუნდის აქტიური წევრობა წარსულში, აწმყოში და მომავალში. უნდა დავიმახსოვროთ, რომ "ნაცი" და "ნაცის" გვერდზე მდგომი, მისი იდეოლოგიის გამტარებელი არ არის მხოლოდ 5 ნომრის ქვეშ მოქმედი ადამიანი. ეს არის იმ ფსევდო ლიბერალური ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი ადამიანი, რომელიც იზიარებს "დიპ სტეიტი" და მისი აგენტურის მიერ დამკვიდრებული ტრენდებსა და შესაბამის იდეოლოგიებს.

კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა, არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება და რა მოჰყვება ამას ადვილად გასცემთ პასუხს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები