შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორთა მონაწილეობით ერთობლივი საწარმო დაფუძნდა, რომელიც მწვანე ენერგიის კორიდორის პროექტებთან დაკავშირებული საკითხების კვლევა-განვითარებაზე იმუშავებს.
ერთობლივი საწარმოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა 1155 კმ-ზე მეტი სიგრძისა და 1300 მგვტ, სიმძლავრის შავი ზღვის წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის პროექტი, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს.
პროექტი ასევე მოიცავს ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო კაბელის მშენებლობას, რომელიც დამონტაჟდება წყალქვეშა ძალოვანი კაბელისთვის შერჩეულ დერეფანში.