04 დეკემბერი 2024,   23:16
ვრცლად
“მიგვაჩნია, რომ ხელახალი არჩევნების გზით, როდესაც ქვეყანას დავაბრუნებთ კონსტიტუციურ სივრცეში, შემდგომ უკვე ცვლილებები პარლამენტში უნდა მოხდეს“ - თეონა აქუბარდია ეუთო/ოდირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებაზე

ეუთო/ოდირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება მეორე დღეა განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც ოპონენტებთან დიალოგი შედგება, პარლამენტია.

ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ გამოსავალი კომპრომისშია, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაუშვას. “გახარია საქართველოსთვის“ წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, დიალოგს განიხილავენ ერთადერთ შემთხვევაში, თუ დაინიშნება ხელახალი არჩევნები.

“ტყუილია ის, რომ აღიარება ხდება პარლამენტის, იმიტომ რომ საუბარია პოლარიზებულ წინასაარჩევნო გარემოზე, საუბარია დემოკრატიის ნორმების აუცილებლობაზე, რუხ ზონაზე, რომელშიც საქართველო იმყოფება დემოკრატიის კუთხით და, ასევე, საუბარია, იმაზე, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება უნდა ხდებოდეს პარლამენტში. ჩვენც მიგვაჩნია, რომ ხელახალი არჩევნების გზით, როდესაც ქვეყანას დავაბრუნებთ კონსტიტუციურ სივრცეში და დემოკრატიის გზაზე, რა თქმა უნდა, შემდგომ უკვე ცვლილებები პარლამენტში უნდა მოხდეს.

ამ ვითარებაში დიალოგის სურვილი ნამდვილად არ ჩანს, როდესაც შავ ნიღბიანებს იყენებენ მშვიდობიანი მომიტინგეების საცემად,“ - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა პოლიტიკურ სპექტრს მოუწოდა გაითვალისწინონ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში, ასევე, მოუწოდა ყველა მხარეს, ჩაერთონ კონსტრუქციულ და ღია დიალოგში ნდობის აღდგენისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ლუიშ გრასის განცხადებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მზადაა ხელი შეუწყოს დიალოგს, რომელიც, ასევე, მოიცავს ნებისმიერ ჩართულობას ეუთო/ოდირის ანგარიშში გაწერილი რეკომენდაციების შესასრულებლად, რომლებიც პარლამენტში უნდა განიხილონ.

დღის ამბები