რუსთაველზე დაწყებული საპროტესტო აქცია დილის 6 საათისთვის საბურთალოზე დასრულდა - ჯერჯერობით უცნობია დაკავებულებისა და დაშავებულების ზუსტი რაოდენობა. ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის ინფორმაციით, დაკავებულია 20-მდე ადამიანი.
“ჩემთვის როგორც ცნობილია, დაკავებულია 20-მდე ადამიანი, რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ. მე დარწმუნებული ვარ და არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ რამდენიმე ადამიანი კლინიკაში იყოს გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ, შეწყვიტოს ეს ძალადობა და ცრემლსადენ ყუმბარებსაც ნუღარ ისვრის,“ - აცხადებს ლაშა ტყეშელაძე.
აქციის მონაწილეები სამართალდამცველებმა ძირითადად რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მათ წვრილმან ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას ედავებიან. სისხლის სამართლის საქმეზე, ბოლო სამ დღეში 6 პირია აყვანილი. დაკავებულებთან იზოლატორებში ადვოკატები იმყოფებიან. პარალელურად, დღესვე ჩანიშნულია სასამართლო პროცესები.