04 დეკემბერი 2024,   23:10
ვრცლად
“დაინახავს საზოგადოება, თუ ვინ დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე და ვინ ცდილობს, რომ ეს ქვეყანა ჩამოანგრიოს“ - არჩილ გორდულაძე დებატებზე

“ხალხს ექნება შესაძლებლობა, რომ დაინახოს, მოწინააღმდეგე მხარეს ვინ არიან, რა პოზიციები აქვთ და რომ, რეალურად, მათი მოწოდებები და პოზიციები არგუმენტების გარეშეა,“ - ეს განცხადება “ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ იმ დისკუსიის შესახებ განაცხადა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უნდა შედგეს.

გორდულაძე მიიჩნევს, რომ დებატების შედეგად, ქართული საზოგადოება ნათლად დაინახავს, თუ ვინ დგას ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე.

“ისევე, როგორც ეს ქართულ “გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით იყო, როდესაც პრემიერ-მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა - ანალოგიურად ნახავს საზოგადოება, თუ სად არის სიმართლე, ვინ დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, ვინ ცდილობს, რომ ეს ქვეყანა ჩამოანგრიოს და ის ბნელი წარსული, რაც გვქონდა 2004-2012 წლებში, ისევ უკან დაგვიბრუნოს,“ - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შესახებ საჯარო დისკუსია უნდა გაიმართოს. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, ყოფილი თანაგუნდელების - თავდაცვისა და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი - თინათინ ხიდაშელისა და მიხეილ ჯანელიძის პირისპირ.

დებატების ეს ფორმა ხიდაშელმა მოითხოვა, რასაც წინ უძღოდა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც ოპონენტებს ღია ეთერში დისკუსია თავად შესთავაზა. დებატები დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, 22:00 საათზე დაიწყება.

ამავე თემაზე
დღის ამბები