“სამართლებრივად გამართული გადაწყვეტილება“ - ასე შეაფასა “ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობაზე, პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
მისივე თქმით, სარჩელის ავტორებს სახელმწიფო საქმიანობის შეფერხება სურდათ, თუმცა “კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.“
“საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის სამართლებრივად გამართული, სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია - მაშინ გამოდის, რომ არც კონსტიტუცია არ უნდა არსებობდეს ჩვენ ქვეყანაში და არც სამართლებრივი წესრიგი; გამოდის, რომ როდესაც კონკრეტული პარტია დამარცხდება არჩევნებში და ქართველი ხალხი მას მხარს არ დაუჭერს, ნებისმიერ დროს შეუძლია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და შეაფერხოს მთელი სახელმწიფოს საქმიანობა. ეს სცადეს, არც გამოუვიდათ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და ახლა აკეთებენ პატრონისგან მიღებულ დავალებას, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ასე გულითადად გააჟღერა, - უნდა ვიძალადოთ საკონსტიტუციო სასამართლოზეო,“ - აცხადებს არჩილ გორდულაძე.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობაზე, პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. გადაწყვეტილება სასამართლოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. განსხვავებული აზრი დაწერა ორმა მოსამართლემ: თეიმურაზ ტუღუშმა და გიორგი კვერენჩხილაძემ.
განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, 3 დეკემბერს, დღის ბოლოს, პოლიტიკოსებთან და კონსტიტუციონალისტებთან ერთად, ბრიფინგი გამართა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა თქვა, რომ “ქართული ოცნება“ ხელისუფლების უზურპაციას ახდენს. მისივე მოსაზრებით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნების დანიშვნაა.