კახეთის პოლიციამ ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 5 პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამისნიტრო ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ა.მ. თავისუფლების ჯგუფურად, უკანონო აღკვეთისა და სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 1969 წელს დაბადებული ი.ფ., 1999 წელს დაბადებული ჯ.ი., წარსულში ნასამართლევი 1996 წელს დაბადებული ს.ა. და 2003 წელს დაბადებული მ.ბ. თავისუფლების ჯგუფურად, უკანონო აღკვეთის ბრალდებით არიან დაკავებულები.
დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ა.მ.-მ, ცოლად შერთვის მიზნით, 2000 წელს დაბადებულ გ.გ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და მასზე სექსუალურად იძალადა. თავისუფლების უკანონო აღკვეთაში,ასევე, მონაწილეობდნენ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულები: ი.ფ., ჯ.ი., ს.ა. და მ.ბ.
პოლიციამ, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონა სოფელ ყარაჯალაში იპოვა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს,"- აღნიშნულია განცხადებაში.