ვაშინგტონი სტიქიური უბედურების ზონაა. შტატს ტროპიკულმა ქარიშხალმა გადაუარა. დაღუპულია ორი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, ელექტროენერგიის გარეშე 600 000 მოქალაქე დარჩა. ამ დროისთვის, ყველაზე რთული ვითარებაა შტატის დასავლეთით მდებარე ქალაქებსა და დასახლებებში.
დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურა, შეფერხებით მუშაობს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, გადაიდო საჯარო ღონისძიებებიც. კომუნალური სამსახურები მოსახლეობას უსაფრთხოების მიზნით სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. ჰიდრომეტეოროლოგების პროგნოზით ციკლონი, რომელმაც ვაშინგტონს გადაუარა, ახლა სან-ფრანცისკოს ყურისკენ მიიწევს. კვირის ბოლოს აქ ძლიერი შტორმს ელოდებიან.
სან-ფრანცისკოს მცხოვრებლები სტიქიასთან შესახვედრად საგანგებოდ ემზადებიან. ქალაქის რაიონებში ქვიშის ტომრებით წყალდიდობისგან დამცავ ჯებირებს აგებენ. ტროპიკულმა ციკლონმა, რომელსაც "მომაკვდინებელი ბომბი" უწოდეს, წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლის მიმდებარე შტატებში ძლიერი ქარი, თოვლი და წყალდიდობა გამოიწვია. მედიის ცნობით სტიქიის ეპიცენტრში 7 მილიონი ადამიანი რჩება.