პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული 20 წლის მათე დევიძის საქმის პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი აცხადებს, რომ მისი დაკავების შესახებ შუამდგომლობის დაყენების გადაწყვეტილება მომეტებული საფრთხეების გათვალისწინებით მიიღეს.
მისივე თქმით, დაზარალებულ 3 პოლიციელს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ - სახისა და მხრის მიდამოებში.
"მომეტებული საფრთხეების გათვალისწინებით მივიღეთ მისი დაკავების გადაწყვეტილება და მოვითხოვეთ პატიმრობა. ჩვენ გამოვაქვეყნეთ მტკიცებულებათა ნაწილი, მათ შორის საჯაროდ - ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც მკაფიოდაა ასახული, რომ ბრალდებული ჯოხით ესხმის თავს პოლიციის თანამშრომლებს და მათ დაზიანებებს აყენებს. რა თქმა უნდა, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ამ მტკიცებულებებზე მივუთითეთ.
კონკრეტულ შემთხვევაში, დაზარალებულია პოლიციის 3 თანამშრომელი, რომელთაგან ორს აქვს დაზიანებები სახის და მხრის მიდამოში, აღენიშნებოდათ სხვადასხვა ტიპის დაზიანებები. მესამე პოლიციელს ხელზე მოხვდა ეს ჯოხი დარტყმის შედეგად. მისი მხრიდან ქმედება იყო არაერთჯერადი და განმეორებითი ხასიათის," - აცხადებს პროკურორი.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის დროს, ბრალდებულმა მათე დევიძემ სამ პოლიციელს ხის ჯოხით დაზიანებები მიაყენა. პოლიციამ ის გუშინ დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. უწყებამ დღესვე ფაქტის ამსახველი კადრები გაავრცელა.