ვინ იტყვის უარს მანდატებზე და ვინ არა - გახარიას განცხადების შემდეგ, რომელმაც თქვა, რომ მისი გუნდი უფლებამოსილების შეწყვეტას ამ ეტაპზე არ მოითხოვს, ოპოზიციურ სპექტრში ურთიერთბრალდებები ისმის.
დღეს გახარიას გუნდმა მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც კოლეგები ტყუილსა და "გაპარვების" მცდელობაში დაადანაშაულა, მოუწოდა კრაგად მოუსმინოს განცხადებებს, იმისთვის, რომ ბუნდოვანება გაეფანტოს.
"არის საკითხები, რაზეც ჩვენ ვთანამშრომლობთ და აბსოლუტურად ღია ვართ. არის საკითხები, რომლებიც მათი - "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური დღის წესრიგია და ჩვენი არ არის. არ დავექვემდებარებით არანაირ ბულინგს, იქნება ეს "ნაციონალური მოძრაობა" თუ სხვა პარტია.
ხაზარაძე თუ ბუნდოვანებას ხედავს, კიდევ ერთხელ მოისმინოს და არ დაინახავს. ჩვენ "ლელოსთან" წინასაარჩევნოდაც ვთანამშრომლობდით შტაბების დონეზე და ახლაც სიცხადის შეტანის და საუბრის პრობლემა არ არის", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, პოზიციური ოთხეულიდან პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას არც ერთი არ აპირებს, მაგრამ შემდგომ გეგმებზე აუცილებელია ერთ მაგიდასთან დასხდომა და საუბარი.
"უშუალოდ ჩვენს ინიციატივასთან დაკავშირებით, რასაც სხვა ოპოზიციური პარტიები ეთანხმებიან არის აბსოლუტური სიცხადე. ცხადია ოთხეულიდან ლეგიტიმაციის მინიჭებას არც ერთი არ აპირებს, მაგრამ შემდგომ გეგმებზე აუცილებელია ერთ მაგიდასთან დასხდომა და საუბარი. დასაგეგმია კომუნიკაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს ინება დროში გაწელილი პროცესი, მაგრამ აუცილებლად დასრულდება ახალი არჩევნებით და საერთაშორისო გამოძიების მიღწევით", - განაცხადა ლანა გალდავამ.