ევროპარლამენტარმა, "პატრიოტები ევროპისთვის" წევრმა ტიერი მარიანმა "დღის კურიერის" ეთერში ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა. მარიანი მიიჩნევს, რომ უკრაინა არ არის მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ხოლო ამ კუთხით, საქართველო ყველაზე მეტად არის მომზადებული.
"ჩვენ ვართ ერთი ცივილიზაცია - აქ ბევრი არ არის სალაპარაკო. ჩვენ ევროპელები ვართ - ფრანგები, პორტუგალიელები, ქართველები. ისმის კითხვა - როდის იქნება ინტეგრაციის ახალი პროცესი? ჩემი აზრით, ჩვენ ვერ გავაგრძელებთ იმავე წესებით თამაშს. დღესდღეობით, 27 წევრი ჰყავს ევროკავშირს, მომავალში კიდევ 10 შეიძლება დაემატოს. იმავე წესებით თამაში შეუძლებელია. უნდა შეიცვალოს წესები და ამით უნდა ვიხელმძღვანელოთ შემდეგ პერიოდში. ამის შემდეგ ვნახავთ, ვის ექნება გაწევრიანების საშუალება.
თქვენს სიტუაციაში, მე დავინახე თქვენი ძალისხმევა. ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის, თქვენ ხართ ყველაზე მეტად მომზადებული ევროკავშირის წევრობისთვის. ახლა ამბობენ, რომ ყველაფერი უნდა დაიბლოკოს პოლიტიკური მიზეზებით. როდესაც ჩემი კოლეგები აცხადებენ, რომ უკრაინა ევროკავშირში სწრაფად უნდა გაწევრიანდეს, მე ასე არ ვფიქრობ, რადგან ისინი მზად არ არიან. მათ არ გააჩნიათ ევროპული სტანდარტები, ხოლო საქართველო 3-ჯერ უფრო წინაა, ვიდრე უკრაინა. ამიტომ მიუღებელია, რომ თქვენს წინააღმდეგ დაწესდეს სანქციები ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობამ აირჩია ის, ვინც არ სურდა ევროკავშირის ხელმძღვანელობას," - აცხადებს მარიანი.