22 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
რამდენად საფუძვლიანია ბრალდებები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაზე თითქმის ერთი თვეა ისმის - ცესკოს თავმჯდომარე გამოძიების კითხვებს პროკურატურაში პასუხობდა

თითქმის შვიდი საათის განმავლობაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოძიების კითხვებს პროკურატურაში პასუხობდა. გიორგი კალანდარიშვილი საგამოძიებო სამსახურმა, ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარა - პროკურატურა არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეს იძიებს. ცესკოს თავმჯდომარემ უწყება უკომენტაროდ დატოვა, თუმცა, გამოკითხვის დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბრალდება - არჩევნების გაყალბებაზე უსაფუძვლო და უარგუმენტოა, 26 ოქტომბერმა კი, მშვიდ და სამართლიან ვითარებაში ჩაიარა.

გიორგი კალანდარიშვილის გამოკითხვის პარალელურად, გამომძიებლების შეკითხვებს დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში ეკა ბესელიაც პასუხობდა. სხვა, საჯარო პირებისგან განსხვავებით, ბესელიამ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა არ ისურვა და პირდაპირ პროკურატურაში მივიდა. როგორც თავად ამბობს, გამოძიებას ინფორმაცია საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით მიაწოდა და უთხრა ისიც, რომ ამ დარღვევებზე არაერთი ვიდეო-მტკიცებულება არსებობს, რომელთაც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები ფლობენ.

არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით უკვე გამოიკითხა ოპოზიციისა და მესამე სექტორის ნაწილი, თუმცა, ისინი გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და დარწმუნებულები არიან, რომ პროკურატურა სიმართლეს არ დაადგენს.

სახელისუფლებო პარტია დარწმუნებულია, რომ ოპოზიციას არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ აქვს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მხოლოდ დეზინფორმაციით ცდილობს. "ქართულ ოცნებაში" დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ მათი ოპონენტები ვერ დაამტკიცებენ იმას, რაც არ მომხდარა

არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, გამოძიება ერთდროულად სამ უწყებაში - პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, სისხლის სამართლის 47 საქმეზე მიმდინარეობს.

დღის ამბები