ბრიუსელში გაგზავნილი წერილის ერთ-ერთი ავტორი, "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა არ მალავს, რომ ევროპელ მაღალჩინოსნებში ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერებას, მთავრობის ცვლილების ინსტრუმენტად განიხილავენ. ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან დაბრუნებულმა თინა ბოკუჩავამ "ღამის კურიერის" ეთერში პირდაპირ არ თქვა, რომ თემის ინიციატორი ოპოზიციაა. თუმცა მხარს უჭერს თუ არა მსგავს გადაწყვეტილებას - ამ კითხვაზე პირდაპირ პასუხს თავი აარიდა. ბოკუჩავას პოზიცია და ბარიერგადალახული პარტიების ფარული წერილი ღალატი და ჯაშუშობაა მმართველი გუნდისთვის.
სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ წერილმა ოპოზიციურ ძალებს შორის არსებული ფიქტიური განსხვავებაც კი დაამსხვრია. სავიზო რეჟიმის დროებითი შეზღუდვა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში იარაღია, ამას ნაციონალურ მოძრაობაში არ უარყოფენ. ამბობენ, რომ წერილი და ევროპელ ლიდერებთან მათი კომუნიკაციაა ოპოზიციის მთავარ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება. თუმცა არ აკონკრეტებენ, რა ზიანს მოუტანს ქვეყნის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის დაპაუზება.
ფინანსური სანქციები, მოქალაქეების არჩევანის არალეგიტიმურად გამოცხადება და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება - ეს ოპოზიციის მიერ ბრიუსელში გაგზავნილი წერილის მთავარი მოთხოვნებია. ხელმომწერი პარტიები ირწმუნებიან, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერებას არ ემხრობიან. ამბობენ, რომ ევროპაში გაგზავნილი მოთხოვნების შესრულება, დემოკრატიული პროცესის სტიმულირებისთვისა აუცილებელია.
ჯაშუშობას და ქვეყნის ღალატს უწოდებენ 4 პარტიის წერილს საპარლამენტო უმრავლესობაში. პოლიტიკოსების თქმით, წერილმა ბრიუსელში დაადასტურა, რომ ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" იდეურ დანამატს წარმოადგენს. მიზანი კი, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით, ვითარების ესკალაცია. ოპოზიციაა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს თითქმის ერთი თვეა აპროტესტებს. ბარიერგადალახული პარტიები ოფიციალურ ბრიუსელს მის არალეგიტიმურად განცხადებას და თბილისზე ზეწოლის გაძლიერებას სთხოვს.