ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი გამოეხმაურა და დაეთანხმა. მისი შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება დროულია.
"ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ და უნდა აღსრულდეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის და "ჰამასის" ლიდერის დეიფის დაპატიმრების გადაწყვეტილება დროულია, ყველა ქვეყანამ, მათ შორის, სამოსამართლოს მონაწილე ყველა სახელმწიფომ, ევროკავშირის ყველა ქვეყანამ გადაწყვეტილება სისრულეში უნდა მოიყვანოს," - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის და "ჰამასის" ლიდერის მუჰამედ დეიფის წინააღმდეგ, ღაზის ომთან დაკავშირებული სავარაუდო ომის დანაშაულებისთვის, დაპატიმრების ორდერი გასცა. ნეთანიაჰუს და გალანტს დაპატიმრების საფრთხის წინაშე ისრაელის მოქმედი პრემიერი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი იმ შემთხვევაში აღმოჩნდებიან, თუ ისინი საზღვარგარეთ გაემგზავრებიან. სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა, ისრაელის პრემიერისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაპატიმრების ორდერი ჯერ კიდევ მაისში მოითხოვა და განაცხადა, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ნეთანიაჰუ და გალანტი "კრიმინალურად პასუხისმგებელნი" იყვნენ ღაზაში მასობრივი შიმშილობის ორკესტრირებაზე, რაც ომის დანაშაულს და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს წარმოადგენს. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა და განაცხადა რომ საერთაშორისო სასამართლომ თავისი არსებობისა და საქმიანობის ყოველგვარი ლეგიტიმაცია დაკარგა.