22 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
მზადება 25 ნოემბრისთვის - "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ პარლამენტის შეკრების დღეს, მმართველი გუნდის დეპუტატებთან ერთად, ოპოზიციის წარმომადგენლებიც იქნებიან

ოპოზიციის უარის ფონზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დარწმუნებულია, რომ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი, მხოლოდ ”ქართული ოცნების” დეპუტატებით არ იქნება დაკომპლექტებული. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი ახალი მოწვევის პარლამენტს შესაძლოა უახლოეს მომავალში შეუერთდეს.

მიზეზი, რის გამოც მმართველი გუნდს ოპოზიციის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება, ოპონენტების დამოკიდებულებაა. პარტიებმა მანდატებზე უარი წინასწარ - სამართლებრივი მექანიზმის არ არსებობამდე თქვეს. იმისთვის, რომ პირმა სადეპუტატო მანდატი ვადამდე შეიწყვიტოს ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა უნდა მოხდეს.

მმართველი პარტიაში არ სჯერათ, რომ ოპოზიცია ერთობის შენარჩუნებას შეძლებს. ”ქართულ ოცნება” ამის მაგალითად 4 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც დღის წესრიგში პარლამენტის ბოიკოტი დადგა. თითქმის ყველა პარტიის ლიდერმა მაშინ რიგრიგობით ჩააბარა წერილი და პარლამენტს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მოსთხოვა. მოგვიანებით კი საპარლამენტო მანდატები მაინც ჩაიბარეს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მანდატებზე უარის თქმა ყველა პოლიტიკური ძალისთვის პრინციპული საკითხი უნდა იყოს. პარტიები ერთმანეთისგან პრინციპულობას ელოდებიან 25 ნოემბერსაც - როცა ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული. დღეს სპეციალური ბრიფინგით პირველად მოუწოდა თავის მხარდამჭერებს აქციაზე გამოსვლისკენ გიორგი გახარიამ, რომელმაც დიპლომატიურ კორპუსსაც მიმართა. აქციისთვის ემზადებიან სხვა ბარიერგადალახული პარტიებიც.

ოპოზიციის მხრიდან ამომრჩევლის წინაშე თავის მართლების მცდელობას უწოდებენ სახელისუფლებო პარტიაში დაანონსებული აქციებს. ”ქართული ოცნებაში” ამბობენ, რომ 25 ნოემბერს პარლამენტის პირველ შეკრებას ბარიერი ვერ შეექმნება.

მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი მომავალ კვირას შეიკრიბება. 150 კაციან პარლამენტში ”ქართულ ოცნებას” 89 მანდატი აქვს, ოპოზიციას კი 61.

დღის ამბები