22 ნოემბერი 2024,   21:05
ვრცლად
"ოპოზიციას არაფრის რესურსი არ გააჩნია, მხოლოდ თვითდაზიანების, ხოლო თვითდაზიანების რესურსი რაც უფრო ძლიერი ექნებათ, მით უფრო კარგი იქნება ქვეყნისთვის" - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციას ექნება მცდელობა, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის მუშობა შეაფერხოს, თუმცა ამით ისინი მხოლოდ საკუთარ თავს დააზიანებენ.

იონათამიშვილის განცხადებით, პარლამენტი შეკრების დღიდან აქტიურად დაიწყებს მუშაობას, ხოლო ამ პროცესში ხელის შეშლას ოპოზიცია ვერ შეძლებს.

"ახალი პარლამენტი შეკრების დღიდან დაიწყებს პროაქტიულ მუშაობას იმისთვის, რომ ის ტემპები, რაც დღეს გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით, კიდევ უფრო შეუქცევადი და სწრაფად განვითარებადი იყოს. ეს პასუხისმგებლობა გაგვაჩნია და რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობას ბოლომდე, ჩვენი ქვეყნის სამსახურში, განვახორციელებთ.

რა თქმა უნდა, რადიკალურ ოპოზიციას ექნება იმის მცდელობები, რომ ხელი შეუშალოს პროცესების განვითარებას, მაგრამ, საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენებს საკუთარ თავს. ამ ოპოზიციას არაფრის რესურსი არ გააჩნია - მხოლოდ თვითდაზიანების, ხოლო თვითდაზიანების რესურსი რაც უფრო ძლიერი ექნებათ, მით უფრო კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

რა თქმა უნდა, მათ არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ რაიმეს შეუშალონ ხელი, მით უმეტეს, როდესაც სხვა ფასი აქვს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა და განვითარება მაღალი სტანდარტით და გარანტიებით იქნეს დაცული. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ბოლომდე ავიღებთ საკუთარ თავზე", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები