20 წლის გოგო "კურიერს" ექსკლუზიურად უყვება, როგორ გაუვრცელა შეყვარებულის მეგობარმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა მამაკაცის ხელში სრულიად შემთხვევით, ტელეფონში დარჩენილი "ფეისბუკის" აპლიკაციით აღმოჩნდა. ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ ჩანაწერების გასაჯაროებამდე მამაკაცი აშანტაჟებდა. სთხოვდა დიდი ოდენობით თანხას, სქესობრივ კავშირს და უსიტყვო მორჩილებას.
დაზარალებულმა მუქარას და ზეწოლას ვერ გაუძლო და დახმარებისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ბრალდებით სამართალდამცველებმა 20 წლის მამაკაცი, თბილისში დააკავეს.
პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დღეს კიდევ ერთი პირი ამხილა. ამ შემთხვევაში ბრალდებული 23 წლის ქალია, დაზარალებული კი მისი ყოფილი მული. გამომძიებელი "რუსთავი 2-თან" ჰყვება, რომ ბრალდებული ქალი ყოფილი მეუღლის დას ფეისბუქში მამაკაცის სახელით, ყალბი გვერდით გაეცნო. მოგვიანებით კი, ახლობლებს მისი ინტიმური ფოტო და ვიდეო ჩანაწერები გაუგზავნა. დანაშაულის მოტივად შურისძიება სახელდება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მძიმე ბრალდებით პასუხისგებაში მიცემული ქალი დუმილის უფლებას იყენებს. ფაქტის შესახებ მედიასთან არც ადვოკატი საუბრობს.
ორ სხვადასხვა დანაშაულში მხილებულ პირებს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე წარედგინა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.