ოკუპანტებმა, უკრაინაში უკვე ნახევარი მილიონი ტონა მარცვლეული მოიპარეს და ეძებენ გზას, როგორ გაყიდონ ე.წ. შავ ბაზარზე , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.
ვოლოდიმრ ზელენსკის თქმით, რუსეთის მიერ შავ ზღვაში უკრაინული პორტების ბლოკირების გამო, უკრაინა ექსპორტზე ვერ აგზავნის 22 მილიონ ტონა მარცვლეულს, რაც ქმნის გლობალურ კრიზისს. ამიტომ, მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროკავშირს, დააწესოს ემბარგო რუსულ ნავთობზე და გაზარდონ ზეწოლა ოკუპანტ ქვეყანაზე.
ზელენსკიმ ასევე განმარტა, რომ ვითარება დონბასში არის უკიდურესად მძიმე, სადაც რუსეთის მაქსიმალური ძალებია მობილიზებული, ასევე გრძელდება ბრძოლა ხერსონისთვის.
"ვითარება დონბასში უკიდურესად მძიმეა. რუსეთის არმია კვლავ ცდილობს, რომ გარკვეულ რეგიონებში ძალები შეკრიბოს და ჩვენს დამცველებზე უფრო მეტი ზეწოლა მოახდინოს. ოკუპანტების მთავარ სამიზნედ რჩება სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, ბახმუტი, ავდიივკა, კურახოვე, სლოვიანსკი და სხვა დასახლებები.
მადლობელი ვარ ყველა ჩვენი დამცველის, ვინც მიუხედავად ოკუპანტების ტექნიკური და ზოგჯერ რაოდენობრივი უპირატესობისა, გმირულად იცავს ქვეყანას. რუსულმა ჯარებმა ხარკოვი და სუმის რეგიონი ისევ დაბომბეს, ბრძოლა გრძელდება ხერსონის რეგიონისთვისაც. ჩვენ ეტაპობრივად ვათავისუფლებთ ჩვენს მიწას და თანდათან ვუახლოვდებით იმ წერტილს, როდესაც რუსეთს იარაღის დაყრა მოუწევს. ჩვენს მიტაცებულ ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა უკვე მოიპარეს სულ მცირე ნახევარი მილიონი ტონა მარცვლეული და ახლა ეძებენ გზას, როგორ გაყიდონ "შავად", ისე გაყიდონ, რომ მოპარულით ფულიც იშოვონ და თან ლეგალურ ბაზარზე დეფიციტიც შეინარჩუნონ. რუსეთის მიერ ჩვენი ექსპორტის ბლოკირება, სიტუაციის დესტაბილიზაციას ნამდვილად გლობალური მასშტაბით ახდენს. შედეგად, სხვადასხვა ქვეყანაში ძვირდება სურსათი -იქმნება შიმშილობის საფრთხე აფრიკაში, აზიაში, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. ევროპას მოუწევს რუსულ ნავთობზე და ნავთობპროდუქტებზე უარის თქმა, რადგან საქმე ეხება რუსული ენერგეტიკული იარაღისგან თავად ევროპელების დამოუკიდებლობას. ეს რაც უფრო მალე მოხდება და რაც უფრო სრული იქნება უარი რუსულ ნავთობზე, მით მეტ სარგებელს მოუტანს ევროპას",- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.