27 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
"ევროპარლამენტი, სადაც ნიკა გვარამიას სიტყვა ეთმობა და საშუალება ეძლევა, რომ ვინმეს მიმართოს, უკვე დიაგნოზია და კარგად ჩანს, რა პლატფორმადაც გადაიქცა" - ნინო წილოსანი რეზოლუციაზე

ხვალ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა იგეგმება. "ჩატარებული არჩევნებისა და გაყალბების ბრალდებების ფონზე, საქართველოში გაუარესებული დემოკრატიული კრიზისი" - ამ სახელწოდებით, რეზოლუცია ევროპის სახალხო პარტიამ დაარეგისტრირა. დოკუმენტი მოუწოდებს ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოს, გადახედონ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის საკითხს, თუ ჩაითვლება, რომ ევროკავშირის სტანდარტები დაცული არ არის.

რეზოლუციაში საუბარია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და მისი საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობაზეც. მტრული და ანტისახელმწიფოებრივი - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება, რომელსაც ოპოზიციის ნაწილიც იზიარებს.

გიორგი გახარიას გუნდში დღეს თქვეს, რომ ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას და სააკაშვილის გათავისუფლებას ეწინააღმდეგებიან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ საქართველოს "პოლიტიკა ქვეყნის შიგნით იქმნება".

"ევროპარლამენტის რეზოლუციაში არაფერია ახალი, ეს განცხადებები იმ ევროპული დაჯგუფებისგან, რომელიც ლობირებს ენმ-ს, არაერთხელ გაგვიგია.

ევროპარლამენტი, სადაც ნიკა გვარამიას სიტყვა ეთმობა და საშუალება ეძლევა, რომ ვინმეს მიმართოს, უკვე დიაგნოზია და კარგად ჩანს, რა პლატფორმადაც გადაიქცა.

ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთა თავისი არჩევანი და ეს რეზოლუციები თავისით იქმნება, იდება, კენჭი ეყრება, თუმცა ამ ქვეყნის პოლიტიკა იქმნება ქვეყნის შიგნით", - აცხადებს წილოსანი.

დღის ამბები