"კოალიცია ცვლილებისთვის" ოცეულმა პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა. განცხადებები მანდატების გაუქმებაზე, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წევრებმა თავად შეიტანეს. ორი დღის წინ, კოალიციამ ცესკოსაც მიმართა და საარჩევნო სიები ჩახსნა. მათი გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე დააკმაყოფილა. სხვა ოპოზიციური პარტიების პოზიციები კი ასეთია:
"ის, რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ, არ ნიშნავს, რომ ამომრჩევლების წარმომადგენლობაზე და ცვლილებების მიღწევის მანდატზე ვამბობთ უარს, პირიქით, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, ის გზა გადის ამ ე.წ. პარლამენტის სრულ დელეგიტიმაციაზე", - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" თანათავმჯდომარე ნიკა მელია.
"უფლებამოსილების საბოლოო შეწყვეტაზე მივმართავთ უახლოეს დღეებში, თუმცა ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით", - ამის შესახებ კი "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს.
გახარიას პარტიაში კი აცხადებენ, რომ მათ პარტიას სხვა ტაქტიკა აქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა დროს, ამ ეტაპზე, ვერ ასახელებენ:
"ამ ეტაპზე, სხვა პარტიების ტაქტიკას არ მივყვებით მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით, ჩვენი ტაქტიკიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას დროსთან დაკავშირებით", - აღნიშნავს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი თეონა აქუბარდია.