27 ნოემბერი 2024,   17:00
ვრცლად
"მიხეილ ყაველაშვილი არის გარანტია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მომავალში აღარ მოემსახურება სხვა ქვეყნის თუ ჯგუფების გარკვეულ ინტერესებს" - მამუკა მდინარაძე

ქართველი – არა მხოლოდ გენეტიკური თვალსაზრისით, სულით და გულით, მიშა ყაველაშვილზე სხვანაირად ვერავინ ვერაფერს იტყვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ პრეზიდენტობის კანდიდატ, მიხეილ ყაველაშვილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ყაველაშვილი არის გარანტია, რომ პრეზიდენტი მომავალში აღარ მოემსახურება სხვა ქვეყნების ინტერესებს და ის საკუთარი სამშობლოს სამსახურში იქნება.

"ახლა დაიწყებენ – ანტიდასავლური რიტორიკა და რაღაცებს იტყვიან, მაგრამ რეალურად, ეს ადამიანი არის გარანტია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მომავალში აღარ მოემსახურება სხვა ქვეყნის თუ სხვა ქვეყნიდან წარმომავალი ჯგუფების გარკვეულ ინტერესებს და ა.შ. ეს არის ადამიანი, რომელზეც გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეცდომაც გამორიცხულია და გამორიცხულია ისიც, რომ ის თავის სამშობლოს არ მოემსახუროს. ის მოემსახურება თავის სამშობლოს თავისი პიროვნული, ქართული თვისებებიდან გამომდინარე, არსებობს ამის მყარი გარანტია. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ 1000 პროცენტით, რომ ამ სიტყვების უკან წაღება არასდროს მომიწევს", – განაცხადა მდინარაძემ.

"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. საპრეზიდენტო კანდიდატი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.

დღის ამბები