ხვალ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა იგეგმება. "ჩატარებული არჩევნების და გაყალბების ბრალდებების ფონზე, საქართველოში გაუარესებული დემოკრატიული კრიზისი" - ამ სახელწოდებით, რეზოლუცია ევროპის სახალხო პარტიამ დაარეგისტრირა. დოკუმენტი მოუწოდებს ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოს, გადახედონ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის საკითხს, თუ ჩაითვლება, რომ ევროკავშირის სტანდარტები დაცული არ არის.
რეზოლუციაში საუბარია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და მისი საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობაზეც. მტრული და ანტისახელმწიფოებრივი - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება, რომელსაც ოპოზიციის ნაწილიც იზიარებს.
გიორგი გახარიას გუნდში დღეს თქვეს, რომ ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასა და სააკაშვილის გათავისუფლებას ეწინააღმდეგებიან.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ქვეყნის მტრები და ჯაშუშები არიან, ვინც ქართველების დასჯას ითხოვს.
"ჩვენ მივეჩვიეთ უკვე და გაგვიწყალდა ეს განცხადებები და ხალხი მიხვდა, რომ არაფერს არ ნიშნავს საერთოდ ეს ჰაერში ნასროლი სიტყვები. ამ ქვეყნის მტრები, ჯაშუშები ითხოვენ, რომ დასაჯონ საქართველო და ქართველები, იმისთვის, რომ გააკეთეს ის არჩევანი, რაც გააკეთეს. მეტი მტკიცებულება ჯაშუშობის რა უნდა იყოს?
ნაცი რომ არ არის გვარამია, ის რომ დაიჯერეთ ზოგიერთებმა და ხმა რომ მიეცით, პარლამენტში რომ მოახვედრეთ, ახლა რომ გამოდის და პირველ მესიჯად ახმოვანებს სააკაშვილი გამოუშვითო, რომ ამბობს, როგორ ვთქვა, ახია - თქო?
სააკაშვილი გამოუშვით და ივანიშვილი დასაჯეთო, რომ ამბობენ, ამას რომ ამბობენ, აი, ამას რა პასუხიც ეკუთვნის, არ დავიშურებთ არავინ", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.