02 აპრილი 2025,   09:28
ვრცლად
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიში და სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილა.

ფინანსური ხელშეკრულება „2022 წლის 22 დეკემბრის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო - ზემო სამგორის ირიგაციის პროექტი)“ N1 ცვლილებისა და უარის თქმის წერილი“ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.

მისი ინფორმაციით, ძირითადი სასესხო ხელშეკრულება ითვალისწინებს ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას და მოდერნიზაციას. სესხის მოცულობა არის 20 მლნ. ევროს ოდენობის თანხა. სასესხო თანხის ფარგლებში, 2029 წლის 31 დეკემბრამდე გათვალისწინებული არის მთლიანად ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია, რომელიც უზრუნველყოფს დამატებით 20 000 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მორწყვას, რომლითაც 11 ათასი ოჯახი ისარგებლებს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც ცენტრალური მაგისტრალური არხების ასევე, მეორე მეორადი და მესამეული არხების პროექტირება, მშენებლობა და მოდერნიზაცია.

ხელშეკრულებაში წარმოდგენილი ცვლილებაა მიზნად ისახავს სასესხო ხელშეკრულების პირველი წლის ფარგლებში დაზუსტებულ და განსახორციელებელ აქტივობებს. ამავდროულად შეთანხმებაში ზუსტდება ყოველი მომდევნო ტრანშების ჩამორიცხვის წინაპირობები.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი)“ სასესხო შეთანხმება წარადგინა.

მისი ინფორმაციით, საკითხი ეხება თბილისის მეტროსთვის ვაგონების შეძენას. როგორც მომხსენებელმა განმარტა, თბილისის მეტროს ემსახურება 48 შემადგენლობა, რომელთა ექსპლუატაციის ვადა 2038 წლამდე სრულად იწურება. შეთანხმების საფუძველზე, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი მეტროს ვაგონების შესაძენად ნაწილობრივი თანხის გამოყოფას უზრუნველყოფს. გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ჯამში დაგეგმილია 212 ვაგონის შეძენა, მომდევნო 7-წლიან პერიოდში კი დაიგეგმა 17 ვაგონის შეძენა. მისი თქმით, ვაგონების ხარჯი 205 მლნ ევროს ოდენობით განისაზღვრა, თუმცა, ამავდროულად საჭიროა დეპოს და დამაკავშირებელი გვირაბის რეაბილიტაცია და ასევე, სიმულაციური სასწავლო ცენტრის მოწყობა.

სულ პროექტის ღირებულება 250 მლნ ევროს შეადგენს, საიდანაც ქვეყანა სესხის სახით 125 მლნ ევროს აიღებს, დანარჩენი 125 მილიონი ევრო კი გამოყოფილი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რაც შეეხება სესხის პირობებს, არის 22 წლიანი, მათ შორის, 7 წელი შეღავათიანია.

"2016 წლის 9 დეკემბრის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენა)“ წერილ-შეთანხმებაში N3 ცვლილება შედის. აღნიშნულის შესახებ კომიტეტის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი პატარიძემ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ევროპის საინვესტიციო ბანკსა და სახელმწიფოს შორის 2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სესხის მოცულობა 100 მილიონ ევროს შეადგენდა, მუნიციპალურ დონეზე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, 2020 წელს კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, ამ სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში მოხდა რეპროგრამირება.

დარჩენილი 38 მლნ ევროს ოდენობის თანხით მიმდინარე და მომავალ წელს მოხდება სასწრაფო დახმარების 150 ერთეული მანქანის შესყიდვა, სისხლის ცენტრალური ბანკის შექმნა და აღჭურვა და ასევე, გენეტიკური ლაბორატორიის მოწყობა.

სხდომაზე, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის ანგარიში მოისმინეს, რომელიც დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით მათიკაშვილმა წარადგინა. მისი ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამართულ საპრეზიდენტო და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში. ასევე, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების, ბიუროსა და სესიის მუშაობაში.

 

დღის ამბები