
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღების მცდელობაში ადანაშაულებენ.
დაკავებულთაგან ერთი მრავალჯერ ნასამართლევი პირია, ორი კი 19 წლის ახალგაზრდაა.
"დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1994 წელს დაბადებული ს.ვ., 2006 წელს დაბადებული დ.შ., 2006 წელს დაბადებული ა.კ. და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1979 წელს დაბადებული ჰ.ა.", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: "ჰეროინი", "მარიხუანა", "ტრამადოლი", ფსიქოტროპული ნივთიერებები და ელექტრო სასწორი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, 260-ე, 261-ე, 273-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს", - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.