02 აპრილი 2025,   11:06
ვრცლად
რუმინეთში ავტო ცისტერნიდან გოგირდის მჟავის სერიოზული გაჟონვა მოხდა - ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა

რუმინეთში ავტო ცისტერნიდან გოგირდის მჟავის სერიოზული გაჟონვა მოხდა, რამაც ნაციონალური საავტომობილო მაგისტრალის (ბუქარესტი - ორადეა) გადაკეტვა გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.

ხელისუფლების ცნობით, გაჟონვა ავტო ცისტერნის ცენტრალური სარქვლიდან მოხდა, რომელიც დაზიანდა და ვერ დაიხურა. შემთხვევის ადგილზე ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (CBRN) ცენტრის სპეციალისტები იმყოფებიან, რათა დაღვრის შედეგად შექმნილი პრობლემები აღმოფხვრან და ეკოლოგიური კატასტროფა თავიდან აიცილონ.

გოგირდის მჟავა საშიში ნივთიერებაა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მძიმე დამწვრობა და რესპირატორული დაზიანება კანთან შეხებისას ან ორთქლის ჩასუნთქვისას. შექმნილი ვითარების გამო, ხელისუფლების წარმომადგენლებმა შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცეს.

მოსახლეობას საფრთხის შესახებ გამაფრთხილებელი შეტყობინება სატელეფონო ნომრებზე გაეგზავნათ.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

დღის ამბები