ქვეყნის განადგურების საფრთხე ჯერ არ გამქრალა. კვლავაც რჩებიან ანტიქართული ძალები, რომლებიც საქართველოს დესტაბილიზაციისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
ყაველაშვილის განცხადებით, საფრთხე მანამდე იქნება, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება.
"საფრთხე კვალავ მაღალი იქნება, სანამ, ჩემი აზრით, უკრაინაში ომი არ დასრულდება და კიდევ უფრო არ დასუსტდებიან საქართველოში არსებული უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ჯგუფები. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ომში ჩართვის, დესტაბილიზაციის და რევოლუციის არაერთ მცდელობას ჩვენმა სახელმწიფომ სიმტკიცით უპასუხა. ჩვენ შეიძლება ამ წლებს საქართველოს გადარჩენის პერიოდი ვუწოდოთ, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ არ დასრულებულა. ხაზგასასმელია, რომ ქვეყნის გადარჩენაში მთავარი როლი სწორედ ქართველმა ხალხმა ითამაშა, ყველა კრიტიკულ მომენტში გვერდით გადადო ემოციები და განსაკუთრებული სიფრთხილით, სიბრძნითა და პატრიოტიზმით მიიღო გადაწყვეტილებები, გვერდში დაუდგა სახელმწიფოს და თავიდან აგვარიდა საქართველოს განადგურება. სწორედ ამიტომ, ქართველი ხალხის ნება, ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ეროვნული ღირებულებები არის საქართველოს არაკეთილმოსურნეების მთავარი სამიზნე, რადგან იციან, რომ ჩვენი ქვეყნის სიმტკიცე სწორედ ამაზე დგას. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებით მოქმედება და საბოლოოდ გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს," - განაცხადა ყაველაშვილმა.