"სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, პოლიციელზე ხელის აღმართვა აღკვეთილი იყოს" - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, შიმშილობის საფუძველზე პატიმრის გათავისუფლება დამაზიანებელია.
"როდესაც ვხედავთ, რომ პირდაპირ ეთერში პოლიციელს, მისი თანამშრომლების თვალწინ სახეში ხელს ურტყამს ადამიანი და შემდეგ გინდათ, ეს გმირობად გაასაღოთ, ეს სახელმწიფოს წინაშე თქვენი მავნებლობაა. მზია ამაღლობელს მოუწოდებთ შიმშილისკენ, სიკვდილისკენ. თქვენ კლავთ, თქვენი ხელიდან კლავთ ამაღლობელს, რადგან თქვენი ნებისმიერი ნარატივით შიმშილისკენ მოუწოდებთ. თუ თქვენი ნარატივებით, გინდათ, რომ იშიმშილოთ, ესე იგი ამ ადამიანის სიკვდილი გინდათ, ჩვენგან განსხვავებით. ჩვენ, ადამიანური, თუნდაც სუბიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნებისმიერი პატიმრის უფლება დაცული იყო, მაგრამ თქვენ თქვენი მოქმედებით კლავთ მზია ამაღლობელს," -აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.