ვაკის რაიონის გამგეობა, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის I-II კორპუსების მიმდებარედ, 5 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე, რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციას ახორციელებს.
სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე საბავშვო-გასართობი მოედანი, მოსასვენებელი პავილიონი, მაგიდის ჩოგბურთის კუთხე, ფიტნეს ზონა და სპორტული მოედანი მოეწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.
„ვაჟა-ფშაველას V კვარტალში რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. ეს არის შიდასაუბნო სივრცე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვდა. ჩვენი დაპირება იყო, რომ აღნიშნულ სივრცეს მოვაწესრიგებდით, რადგან მართლაც უმძიმესი მდგომარეობა იყო. ტერიტორია სრულად რეაბილიტირდება და მოწესრიგდება. მოეწყობა საფეხბურთო და საკალათბურთო მოედანი, ასევე, დაირგვება ხე-მცენარეები, განთავსდება დასასვენებელი პავილიონები, პატარებისთვის ატრაქციონები და სასეირნო ბილიკი. პროექტის განხორციელებას, დაახლოებით, ოთხი თვე დაჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე უკვე განხორციელდა სხვლა-ფორმირების სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულება, დაახლოებით, 1 000 000 ლარს შეადგენს, მოწესრიგდება და გამწვანდება კორპუსების მიმდებარედ არსებული ფერდობებიც.
მიმდინარე სამუშაოებს, დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და პარლამენტის წევრი ზურაბ რურუა გაეცნენ.