31 იანვარი 2025,   01:11
ვრცლად
Financial Times: ევროკავშირი რუსული გაზის შესყიდვაზე დებატებს უბრუნდება, როგორც უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების ნაწილს

ევროკავშირში გაზსადენებით მიწოდებული რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის აღდგენაზე მსჯელობენ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, რუსული გაზის ყიდვის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ეს შეამცირებს ელექტროენერგიის მაღალ ფასებს ევროპაში, წაახალისებს მოსკოვს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს და ორივე მხარეს მისცემს საფუძველს ცეცხლის შეწყვეტის განსახორციელებლად.

თუმცა, ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების აღდგენის იდეამ, თუნდაც წინასწარი განხილვების დროს, უკვე გამოიწვია უარყოფითი რეაქცია ევროკავშირში, უკრაინის უახლოეს მოკავშირეებში.

მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულმა სამმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ იდეა მიიღეს ზოგიერთმა გერმანელმა და უნგრელმა ოფიციალურმა პირებმა, სხვა დედაქალაქების მხარდაჭერით, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს ევროპაში ენერგო რესურსებზე გადასახადის შემცირების საშუალებაა.

"ზოგიერთი მსხვილი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ზეწოლას ახორციელებენ ენერგიის ფასებზე და ეს, რა თქმა უნდა, მათი შემცირების ერთ-ერთი გზაა," - თქვა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

ევროპაში ექსპორტის განახლება მნიშვნელოვნად გაზრდის მოსკოვის შემოსავალს. ომამდე მილსადენის მიწოდება რუსეთიდან შეადგენდა ევროკავშირის მთლიანი მიწოდების დაახლოებით 40 პროცენტს, გერმანია ყველაზე დიდი იმპორტიორი იყო.

დონალდ ტრამპმა მოითხოვა ომის "მალე" დასრულება, რამაც გამოიწვია დებატები დასავლეთის დედაქალაქებში მოსკოვთან ხანგრძლივი შეთანხმებისთვის საჭირო ელემენტების შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტი, ასევე დაემუქრა ევროკავშირს ტარიფების გაზრდით, თუ ის ამერიკიდან უფრო მეტ თხევად ბუნებრივ აირს არ იყიდის, რაც უფრო ძვირია, ვიდრე მილსადენის გაზი.

რუსეთიდან მილსადენის გაზის შესყიდვის თანმიმდევრულად განახლებამ, აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლებისა და დიპლომატების აღშფოთება გამოიწვია, რომლებმაც ბოლო რამდენიმე წელი იმაზე მუშაობაში გაატარეს, რომ რუსეთიდან გაზის იმპორტის რაოდენობა შეემცირებინათ.

"ეს სიგიჟეა" - თქვა ერთმა ოფიციალურმა პირმა. "რამდენად სულელები შეიძლება ვიყოთ, რომ ამაზეც კი ვიფიქროთ, როგორც ვარიანტი?"

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ "ომის ცხელი ფაზის დასრულება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა... სასურველია დიპლომატიური გადაწყვეტილებები - ნაკლები მსხვერპლი, ნაკლები დანაკარგი“. პრეზიდენტის ოფისმა, რუსული გაზის შესყიდვის შესახებ მოლაპარაკების განახლებაზე შეფასება არ გააკეთა.

გაზის გაყიდვებთან დაკავშირებით განახლებულმა დებატებმა, აღშფოთება გამოიწვია აშშ-ის თხევადი გაზის ექსპორტიორებში, რომლებიც ცდილობენ გააფორმონ გრძელვადიანი მიწოდების ხელშეკრულებები ევროპულ კომპანიებთან. ორი ოფიციალური პირის თქმით, ისინი შიშობენ, რომ უკრაინული ტრანზიტის ნებისმიერმა განახლებამ შეიძლება მათი პროდუქცია არაკონკურენტუნარიანი გახადოს.

ევროკომისიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანამდებობის პირი ენერგეტიკის მიმართულებით, დიტე იულ იორგენსენი, ამ კვირაში შეერთებულ შტატებში იმყოფება, რათა შეხვდეს თხევადი გაზის ექსპორტიორებს მოლაპარაკებებისთვის, სადაც გრძელვადიან პოტენციურ მიწოდებაზე იქნება საუბარი.

ევროკავშირის გაცხადებული მიზანია, 2027 წლისთვის, ენერგეტიკული სისტემა რუსული წიაღისეული საწვავისგან მაქსიმალურად გაათავისუფლოს. ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარმა დენ იორგენსენმა, ამ მიზნის მისაღწევრი გეგმა მარტში უნდა წარადგინოს.

თუმცა, ევროკავშირის მძიმე მრეწველობის მდგომარეობამ გაზარდა ევროპის ქვეყნების მოთხოვნილება უფრო იაფი ენერგიის წყაროებზე. ევროპაში გაზის ღირებულება ჩვეულებრივ სამიდან ოთხჯერ უფრო მაღალია, ვიდრე შეერთებულ შტატებში.

2024 წელს რუსეთიდან მიწოდებული გაზი შეადგენდა მთლიანი მიწოდების დაახლოებით 10 პროცენტს, მაგრამ განახევრდა მას შემდეგ, რაც იანვარში დასრულდა სატრანზიტო კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც რუსული გაზი ევროპაში უკრაინის გავლით ხვდებოდა.

დარჩენილი მილსადენი, რომელიც ბლოკს რუსულ გაზს აწვდის, არის თურქეთის გავლით თურქული ნაკადის ხაზი, რომელიც უნგრეთს აწვდის დაახლოებით 7,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს. ბუდაპეშტი, სლოვაკეთის მთავრობასთან ერთად, ლობირებს ევროკავშირს, რათა მოახდინოს ზეწოლა უკრაინაზე გაზის ტრანზიტის აღსადგენად.

 

დღის ამბები