26 დეკემბერი 2024,   09:18
ვრცლად
"შევთავაზეთ ფიზიკური მხარდაჭერა 29 დეკემბრის შემდეგ, აქ ყოფნა და სასახლიდან არგასვლა" - ანა დოლიძე სალომე ზურაბიშვილზე

მეორე დღეა, სალომე ზურაბიშვილთან ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს. როგორც "ძლიერის საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, განხილვაშია ის დოკუმენტი, რომელიც იქნება წარდგენილი და ეხება არჩევნებს, საარჩევნო ადმინისტრირებას და პირობებს, რომლის მიხედვითაც შეიძლება საქართველოში ჩატარდეს ახალი არჩევნები.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდეს, 29 დეკემბრის შემდეგ დარჩეს ორბელიანების სასახლეში.

"განხილვაში არის ის დოკუმენტი, რომელიც იქნება წარდგენილი და ეხება არჩევნებს, პირობებს, რომლის მიხედვითაც შეიძლება საქართველოში ჩატარდეს ახალი, ლეგიტიმური არჩევნები. ჩვენი მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გამოშვებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ახალი არჩევნებია. მათ შორის რაც შევთავაზეთ, ეს არის ფიზიკური მხარდაჭერა 29 დეკემბრის შემდეგ, აქ ყოფნა და სასახლიდან არგასვლა", - აცხადებს "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე.

პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამაც.

"29-მდე, სავარაუდოდ, ჩვენ გვექნება გარკვეული შეთანხმებები იმასთან დაკავშირებით, რას ვგულისხმობთ დემოკრატიულ არჩევნებში და რა არის ის პირობები, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ გადაიხედება, იმიტომ, რომ არჩევნების შედეგი იყოს ლეგიტიმური და არა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გადმოგდებული ხაფანგი, რომელშიც ჩვენ გავებმებით, ეს ვერ მოხდება და ამაზე ლიდერობასაც საქართველოს პრეზიდენტი ბუნებრივია აიღებს.

თუმცა, ის რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ - საბჭო, რომელიც პოლიტიკოსებისგან იქნება დაკომპლექტებული და, სავარაუდოდ, პრეზიდენტი ასევე შექმნის საზოგადოებრივ საბჭოს, მაგრამ ეს ამ წუთში ჩვენი განსახილველი არ არის, მისი საქმეა სრულად, ეს საბჭო იქნება ამ ავანგარდში ასეთი გადაწყვეტილებების მიღების", - აღნიშნა "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.

 

 

დღის ამბები