ყაზახეთის ქალაქ აქთაუში ავიაკატასტროფა მოხდა. აზერბაიჯანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა.
ავიაკატასტროფის შედეგად, 38 ადამიანი დაიღუპა, 29 გადარჩა, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. ბორტზე სულ 67 ადამიანი იმყოფებოდა - 37 აზერბაიჯანის, 16 რუსეთის, 6 ყაზახეთის და 3 ყირგიზეთის მოქალაქე. თვითმფრინავი ქალაქ აქთაუს აეროპორტთან ჩამოვარდა.
გამოძიება დაიწყო აზერბაიჯანში. შემთხვევის ადგილზე სპეციალური საგამოძიებო ჯგუფიც გაემგზავრა.
სანამ კითხვებს პასუხს გამოძიება გასცემს, ვრცელდება რამდენიმე ვერსიაც. მათ შორის - ელექტროსისტემის მწყობრიდან გამოსვლა და ფრინველების გუნდთან შეჯახება. კიდევ ერთი ვერსიით, ჩრდილოეთ კავკასიის საჰაერო სივრცეში, თვითმფრინავი რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ გაშვებული საზენიტო რაკეტის ნამსხვრევებით დაზიანდა, რის შემდეგაც სამგზავრო თვითმფრინავის პილოტებმა ქალაქ აქთაუმდე მიღწევა მოახერხეს, თუმცა, მართვადაკარგულმა ლაინერმა დაშვებისას კატასტროფა განიცადა. ასევე ცნობილია, რომ ხომალდის მეთაურმა ბორტის რადარებიდან გაქრობამდე, განგაშის სიგნალის გაგზავნაც მოასწრო.
სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, აზერბაიჯანში 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთში ვიზიტი შეწყვიტა და სამშობლოში დაბრუნდა. ალიევი სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს სამიტზე მიდიოდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა სამძიმრის გამოცხადებით გახსნა.
ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა თავად აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. პარალელურად, ილჰამ ალიევმა თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებული საკითხები პირად კონტროლზე აიყვანა.
მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, ილჰამ ალიევს სამძიმრის წერილი გაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
აზერბაიჯანელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ავიაკატასტროფის გამო, მწუხარება გამოთქვა სომხეთის პრემიერმაც.