გასულ ღამეს, უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. მიზეზი "შაჰედის" დრონების რამდენიმე ჯგუფის გადაადგილება გახდა.
კვლავ დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ფრონტზე 200-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება იყო, ხოლო მათმა თავდაცვის ძალებმა პოკროვსკის მიმართულებით ოკუპანტების 47 იერიში მოიგერიეს.
შობის დღეს, რუსული ძალების მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინელი ხალხი მშვიდობიან და უსაფრთხო ცხოვრებას იმსახურებს და საჭიროა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინის მხარდაჭერა განაგრძონ.
ასევე ცნობილი ხდება, რომ იაპონია უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 3 მილიარდ დოლარს გადაურიცხავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ განაცხადა.