დაჭრილი მოსწავლის დედა, უკვე მეორე დღეა, ძალადობრივ, დაჯგუფებაზე საუბრობს და ამ დაჯგუფების წევრს შვილზე თავდასხმაში ადანაშაულებს.
ფაშისტური, ნეონაცისტური დაჯგუფება - ასე მოიხსენიებენ დაჭრილი მოზარდის ახლობლები ამ ჯგუფს. საჯაროდ საუბარს არ ერიდებიან და ჰყვებიან, რომ ძალადობრივი დაჯგუფების წევრები მომზადებულები არიან, ქალაქში, ძირითადად, ბასრი საგნებით გადაადგილდებიან და, ვინაობის დასაფარად, ნიღბები უკეთიათ.
რატომ გაიმეტეს 16 წლის მოზარდი? ამ კითხვაზე დედას ერთი პასუხი აქვს - ძალადობრივი დაჯგუფების წევრებს დანაშაულის ჩასადენად მიზეზი არ სჭირდებათ. დედა არ გამორიცხავს, რომ თავდასხმის მოტივი შურისძიება გამხდარიყო. ჰყვება, რომ ნაცისტურმა დაჯგუფებამ მისი შვილის გადაბირება არაერთხელ ცადა.
ძალადობრივი დაჯგუფების წევრების მხრიდან ზეწოლას დაჭრილი მოზარდის მასწავლებელიც ადასტურებს. პედაგოგმა თავდასხმამდე მოსწავლესთან საუბრის დეტალები გაიხსენა.
რა ძალადობრივ დაჯგუფებაზეა საუბარი და რა გახდა არასრულწლოვანებს შორის მომხდარი დანაშაულის მოტივი - ამას გამოძიება არკვევს. საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს. 16 წლის მოსწავლის დაჭრის ფაქტზე 14 წლის მოზარდია დაკავებული. დღეს მას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით დაწყებული გამოძიება დღეიდან განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გაგრძელდება.
დაკავებული მოზარდის პოზიცია, ამ ეტაპზე, უცნობია. მისი ინტერესების დამცველი მედიასთან დღეს არ გამოჩენილა, ის არც სატელეფონო ზარებს პასუხობს.
16 წლის ბიჭი, ამ დრომდე, რეანიმაციულ განყოფილებაშია. ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
"კურიერის" ინფორმაციით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, გამოკითხვები და მტკიცებულებების მოპოვება ამ დრომდე მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ 14 წლის მოზარდს, განზრახ მკვლელობის მცდელობა დაუდასტურდება, მისი საპატიმრო სასჯელი 20 წლამდე ან უვადო იქნება.