26 დეკემბერი 2024,   20:33
ვრცლად
"თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ არ გამოვიდეს ამ სასახლიდან, ჩვენ მას მხარში დავუდგებით ფიზიკურად" - ანა დოლიძე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვადის ამოწურვამდე სამი დღე დარჩა. მის მიერ გაკეთებული განცხადებების ფონზე, სადაც ამბობს, რომ თავს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგაც პრეზიდენტად მიიჩნევს, განსაკუთრებით აქტუალურია კითხვა, თუ რას მოიმოქმედებს ზურაბიშვილი 29 დეკემბერს.

25 დეკემბრის დღის ბოლოს, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართა. დაახლოებით, ორ საათიანი განხილვის შემდეგ, ხელისუფლების ოპონენტებმა განაცხადეს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის შემდეგ რეზიდენციას არ დატოვებს, მას მხარდაჭერას ფიზიკურად გამოუცხადებენ.

"ეს არის ძალიან ნაყოფიერი სამუშაო პროცესი, რადგან პარტიები და პრეზიდენტი თანხმდებიან გარკვეულ ხედვაზე, რომელიც ეხება ჩვენს მთავარ მოთხოვნას - ჯერ ერთი, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრები უნდა იყვნენ სახლში, მაგრამ ამ კრიზისის განტვირთვის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები.

ასევე, დღეს ჩვენ პირდაპირ გამოვთქვით სურვილი და გამოვხატეთ მხარდაჭერა, თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ არ გამოვიდეს ამ სასახლიდან, ჩვენ მას მხარში დავუდგებით ფიზიკურად, რადგან მიგვაჩნია, რომ დღეს ბრძოლა არის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თუ ის გადაწყვეტს, მისთვის მისაღები იქნება, რომ ხალხთან ერთად, ჩვენ დავრჩეთ სასახლეში, მაშინ ყველანი გავიზიარებთ ამ პასუხისმგებლობას", - განაცხადა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ.

კონსულტაციების დროს განხილვის მთავარ თემად კვლავ ახალი არჩევნების დანიშვნა სახელდება. ათონელის რეზიდენციაში საუბარი შეეხებოდა სპეციალური საბჭოს მოწყობის პრინციპებსაც, რომელიც ოპოზიციის შეფასებით, გადაწყვეტილებების მთავარი მიმღები უნდა გახდეს.

"გადაწყვეტილება, რომელზეც, პრინციპში, უკვე არსებობს თანხმობა, არის პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციის მიზნით საბჭოს შექმნა, პრეზიდენტის ეგიდით. ასეთივე საბჭოს შექმნას გეგმავს პრეზიდენტი ზურაბიშვილი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით, რომელთაც უდიდესი როლი აქვთ საპროტესტო მოძრაობაში," - აცხადებს კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა.

ოპოზიციის კონსულტაციები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დღესაც გაგრძელდება.

დღის ამბები