26 დეკემბერი 2024,   21:21
ვრცლად
სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო, აზერბაიჯანში 26 დეკემბერი გლოვის დღეა - განიხილება ავიაკატასტროფის მიზეზის სამი ვერსია

აზერბაიჯანში, სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. ავიაკატასტროფას 38 ადამიანი ემსხვერპლა. საავადმყოფოში გადაყვანილია 29 დაშავებული, აქედან 11-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

ყაზახეთში, ავარიის ადგილას, ამ დრომდე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები - საერთო ჯამში, 500-მდე ადამიანი, ასევე ტექნიკა და კინოლოგები.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ავიაკატასტროფის მიზეზებზე საუბარი ჯერ ნაადრევია და საჭიროა სრული გამოძიება, რომლის შედეგებიც საზოგადოებას დროულად მიეწოდება.

ოფიციალურად, სამგზავრო ლაინერის ჩამოვარდნის ორი მიზეზი განიხილება - ფრინველების გუნდთან შეჯახება და ტექნიკური გაუმართაობა. თუმცა არსებობს კიდევ ერთი ვერსია - სამხედრო სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ავიალაინერს რუსეთის საჰაერო სივრცეში ყოფნის დროს ესროლეს.

შეგახსენებთ, რომ "აზერბაიჯანული ავიახაზების" სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, კურსი შეიცვალა და აქთაუს აეროპორტიდან 3 კილომეტრში ჩამოვარდა. 

დღის ამბები