საქართველოს პრემიერ-მინისტრი საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის მსურველებს, ხვალ მთავრობის ადმინისტრაციაში იწვევს, რათა 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსია პირდაპირი ეთერში გაიმართოს.
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვა რამდენიმე ყოფილმა და მოქმედმა პოლიტიკოსმა. ვთავაზობთ მათ, ათამდე თანამოაზრესთან ერთად, ხვალ მობრძანდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, რათა გავმართოთ საჯარო დისკუსია პირდაპირი ეთერის ფორმატში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, თბილისში საპროტესტო აქციები 5 დღის განმავლობაში იმართებოდა. მოქალაქეების პროტესტი ხელისუფლების განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დადგება. საპროტესტო აქცია დღესაც არის დაანონსებული.