28 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
დარწმუნებული ვარ სრული მხარდაჭერა აქვს ჩვენს კანდიდატს. რასაც ვხედავთ, ეს არის აგონიაში ჩავარდნილი უმცირესობის ბოღმის ბუკეტი, რომელსაც არაერთხელ შევსწრებივართ - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ მათ მიერ წარდგენილ პრეზიდენტობის კანდიდატს საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერა აქვს.

როგორც პაპუაშვილმა გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს აღნიშნა. კითხვაზე, რამდენად იქნება ის ზე-პარტიული პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა პატივი უნდა სცეს საქართველოს მოქალაქეებს და ამჟამინდელი პრეზიდენტის მსგავსად, პარტიულ საქმიანობას არ უნდა ეწეოდეს.

"რა თქმა უნდა, ადამიანები ვაკუუმიდან არ მოვდივართ. შეიძლება ვიღაცას პოლიტიკური ფონი თან მოსდევდეს, ან პოლიტიკის ნაწილი იყოს. მას შემდეგ, როდესაც ადამიანი იკავებს პოზიციას, ის არ უნდა მოქმედებდეს პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგით.

ერთ-ერთი დამოკიდებულება, რაც უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს ეს არის დამოკიდებულება საკუთარი ხალხისგან. რას ნიშნავს პოლიტიკური მიკერძოებულობა, ძალიან კარგი მაგალითის დონეზე ვხედავთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან, როდესაც ადამიანმა საარჩევნო შტაბი ჩამოაყალიბა ათონელის სასახლეში.

ის, ვინც საუბრობს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მათი ეტალონი არის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საარჩევნო კამპანიის მონაწილე იყო, საარჩევნო შტაბი ჩამოაყალიბა, კოალიციებს ადგენდა და ა.შ. ანუ პირდაპირ პარტიულ საქმიანობას ეწეოდა.

როდესაც ვსაუბრობთ ოპოზიციაზე და ამ რეაქციებზე, ამას სერიოზულად აღარც უნდა შევხედოთ, მათ შორის, სოციალური ქსელების რეაქციასაც რომ შევხედოთ, სადაც ჩართულნი არიან ოპოზიცია და მათი მოკავშირე NGO-ები. ვხედავთ, ესენი არიან ემოციურად დაზიანებული ადამიანები, რომლებიც საკუთარ ემოციურ დაზიანებას აფრქვევენ საზოგადოებაში. ეს არის, ფაქტობრივად, ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომლის მომსწრენი ვართ. რატომღაც ფიქრობენ, რომ მათი ბოღმა და ბრაზი საზოგადოებას უნდა მოედოს.

ჩვენ ვხედავთ საზოგადოების რეაქციას, მათ შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ სრული მხარდაჭერა აქვს ჩვენს მიერ წარდგენილ კანდიდატს. რასაც ვხედავთ, ეს არის აგონიაში ჩავარდნილი უმცირესობის ბოღმის ბუკეტი, რომელსაც არაერთხელ შევსწრებივართ და ეს ერთდღიანი მათი აგონია დასრულდება, ხვალიდან სხვა თემებზე და სხვა ბოღმებზე გადავლენ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები